დაკავება

ფრანგი ტურისტი საქართველოში სტუმრობისას საზღვარზე დააკავეს

დაფალგან კოდეინი
mypharma.be

ფრანგი ტურისტი საქართველოში სტუმრობისას საზღვარზე დააკავეს. France Info-ს ცნობით, მას დაფალგან კოდეინი - საქართველოში კანონით აკრაძალული მედიკამენტი აღმოაჩნდა.

Le Figaro-ს ინფორმაციით, აღნიშნული მედიკამენტი ტკვილგამაყუჩებელია, რომელიც თავის ტკივილების საწინაღმდეგოდ ქალბატონს, საფრანგეთში ექიმმა დაუნიშნა.

"სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, პოლიციელმა გვითხრა: განყოფილებაში უნდა გამომყვეთ. აღარ შემიძლია, არ ვიცი რა ვქნა", - ამბობს სტრასბურგის მკვიდრი, არზუ ბილიცია.

რამდენიმე დღის შემდეგ, ტურისტს ჯარიმის სახით 2500 ევროს გადახდა დააკისრეს, მაგრამ სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. მას შემდეგ, რაც საბუთები ჩამოართვეს, ხოლო წამალი ლაბორატორიაში გააგზავნეს, საფრანგეთის მოქალაქემ ფრანგ კონსულსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

"ეს პირადი საქმეა და არა პოლიტიკური, ამიტომ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია", - განუცხადეს ბილიციას საკონსულოში.

ფრანგი ტურისტი უკვე ერთი კვირაა, საქართველოს საზღვარს ვერ კვეთს, მანქანაში სძინავს და სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ფრანგი ტურისტი 3 აგვისტოს დააკავეს და სასამართლო პროცესამდე ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I, II ან III სიაში შეტანილი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ან მისი ანალოგის უკანონოდ შემოტანას, ქვეყნიდან გატანას და საერთაშორისო გადაზიდვებს არეგულირებს.

კომენტარები