სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ფანჯიკიძე: სანქციები კრიზისიდან გამოსავალი არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული კრიზისიდან სანქციები გამოსავალი არ არის. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ამბასადორიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და მოსკოვის მიერ მიღებული საპასუხო ზომების, ასევე NATO-ს მიერ რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტის კომენტირებისას, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი, მთლიანობაში აღებული, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთების საფუძველს იძლევა".

„სანქციები, ურთიერთობების გაწყვეტა და ა.შ. არ არის, რა თქმა უნდა, ამ კრიზისიდან გამოსავალი. საუკეთესო შემთხვევაში, უნდა დასხდნენ მაგიდასთან ყველანი, ვისაც ეს ეხება და ეძებონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები. მთავარი ალბათ, არის ის, რომ ის ძირი, რაც უდევს საფუძვლად ამ გართულებებს, უნდა იყოს გადაწყვეტილი. ეს არის კონფლიქტი უკრაინასთან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, იქ მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიება ყველა სხვა საკითხებსაც მოაგვარებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

„არ ვიცი, რამდენად დაეტყობა ეს რუსეთის ან ევროკავშირის ეკონომიკას. ფაქტია, რომ ასეთი განვითარება არავის სურდა. ეს არის გამოწვეული იმ კრიზისით, რომელიც შეიქმნა უკრაინაში. შესაბამისად, დასავლეთი ყველა ზომას მიმართავს, რომ კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ რადიკალური ქმედებები იყო აუცილებელი", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები