მიხეილ სააკაშვილის საქმე

FT: დასავლეთის სიმპათიები გაცივდება, თუ სააკაშვილის დევნა გაგრძელდება

გამოცემა Financial Times სარედაქციო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ცუდი დროა საქართველოს წარსულში ქექვისთვის", რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებების უძღვნის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „მიხეილ სააკაშვილი ანგელოზი არ ყოფილა", მაგრამ ქვეყნის მნიშვნელოვანწილად მოდერნიზება და დასავლურ სამყაროში მისი იმიჯის ამაღლება შეძლო. „მისი ნაკლოვანებები სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს ახლანდელი ხელსუფლების გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ჭკვიანურია", - აღნიშნავს გამოცემა.

"უპირველეს ყოვლისა, [მიხეილ სააკაშვილის] სისხლისსამართლებრივი დევნა გამოიყურება, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება, და არა მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ბრალდებები იმგვარადაა აგებული, რომ, ერთი მხრივ, ქართული ოცნების ძალაუფლება გააძლიეროს და, მეორე მხრივ, დააშინოს ნაციონალური მოძრაობა. სტაბილურობის მოტანის ნაცვლად .... ეს იურიდიული შეტევა ხელს შეუწყობს პოლიტიკური ანგარიშსწორების ციკლის გაგრძელებას", - წერს Financial Times.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ამ ბრალდებებს ყურადღება გადააქვს ეკონომიკური, საგარეო-პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევებიდან, რომლებზეც მმართველი კოალიცია უნდა კონცენტრირდებოდეს ... რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარება ხაზს უსვამს საქართველოს დაუცველობას...".

გამოცემა საქართველოში რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ შესაძლო აგრესიის პირისპირ საქართველო პრაქტიკულად დაუცველია - მისი შეიარაღებული ძალები მცირეა და ის არ არის NATO-ს წევრი. „აშშ და მისი დასავლელი მოკავშირეები სიმპათიით უყურებენ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს საკუთარი დამოუკიდებლობა და ააშენოს წარმატებული დემოკრატია. მაგრამ, დასავლეთის სიმპათიები გაცივდება, თუკი საქართველოს მმართველები ბ-ნი სააკაშვილისა და მისი მომხრეების დევნას გააგრძელებენ", - აღნიშნავს Financial Times.

გამოცემა წერს, რომ „საქართველოს საშინაო და საგარეო გამოწვევების პირისპირ, დასავლეთის მთავრობებმა უნდა ურჩიონ საქართველოს მთავრობას, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის უმჯობესი იქნება ერის მომავლისკენ ყურება და არა პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, რომელიც წარსულში ქექვას მოჰყვება".

კომენტარები