ამერიკელი სენატორები

პრემიერი: ჩვენი მეგობრების განცხადებები კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება

0 კომენტარი
პრემიერი ღარიბაშვილი ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოთხი სენატორის წერილს გამოეხმაურა, სადაც ისინი აქცენტს სვამენ წინა ხელისუფლების გასამართლებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე, კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობაზე, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციიის წარმომადგენელთა მიმართ გამოუძიებელ ძალადობასა და რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის სახიფათო მატებაზე.

ღარიბაშვილის განცხადებით, სენატორების წერილი იყო ”უფროსი მეგობრების გარკვეული რჩევის მიცემა” საქართველოს სახელმწიფოსთვის. პრემიერის თქმით, საპასუხო წერილში მან სენატორებს აუხსნა, რომ მოყვანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ზოგიერთი მეგობრის განცხადება, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულები არ უნდა გამოვიძიოთ, კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება.

”მე არ მესმის, რატომ ატეხეთ ამხელა აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც საიდუმლო აღმოაჩინეს და თითქოს რაღაცას ვმალავდი. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ ყველას, რომ მე არასდროს არაფერი არ დამიმალავს და არც დავმალავ. ეს არის ჩვენი მუშაობის სტილი და ჩვენი პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. სენატორებმა მომწერეს პირადი წერილი, პირადი წერილები ბევრი მომდის და არაეთიკურია ჩემი მხრიდან მათი გასაჯაროება. სენატორების მხრიდან არის ჩათვლილი საჭიროდ, რომ მათი მოწერილი წერილი ყოფილიყო საჯარო. თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიდნენ, თავად გაასაჯაროვებდნენ ამ წერილს. რა წერილიც ყოფილა საჯარო, ეს წერილი ჩვენ გაგვივრცელებია და საჯაროდვე გაგვიცია პასუხი.

ვინაიდან გავრცელდა გუშინ ეს წერილი, თუმცა რას ხედავთ ამაში უცნაურს, ეს არის დაახლოებით იგივე, რაც მოიწერეს საჯაროდ და გაავრცელეს რამდენიმე დღის წინ. მათ ვუპასუხე, ჩვენ გვაქვს გაგზავნილი წერილი და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ ეს არის უფროსი მეგობრების გარკვეული რჩევის მიცემა ჩვენი სახელმწიფოსათვის. მაგრამ მე მათ ავუხსენი, რომ წერილში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, მიწოდებული იყო სააკაშვილისა და მისი ლობისტების მიერ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ სიმართლე, სიმართლე იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში, ეს სიმართლე არასდროს დაიკარგება და მე პირადად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს სიმართლე გაიგოს ყველამ. არა მხოლოდ ჩვენმა ხალხმა, არამედ მთელმა მსოფლიომ. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ და ვგრძნობთ აშშ-ის მხარდაჭერას და მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღია”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა, რეალური დემოკრატიისა და რეალური კანონის უზენაესობის დამკვიდრება. ”ის საუბრები, რაც ჩვენ გვესმის, ჩვენი მეგობრებისგან მათ შორის, იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის მთავარ, ძირითად პრინციპებს. და დემოკრატიის მთავარ ძირითად პრინციპებს. თუ გვსურს, რეალური დემოკრატია შევქმნათ ქვეყანაში, მაშინ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატორებმა ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 1 აგვისტოს წერილით მიმართეს. აღნიშნული წერილი საქართველოს მთავრობას არ გაუსაჯაროებია. მთავრობის ოფიციალურ საიტზე 1 აგვისტოთი მხოლოდ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თარიღდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები