საომარი მოქმედებები ისრაელში

ისრაელი ჰამასის სარაკეტო თავდასხმებს პასუხობს

AP

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საჰაერო შეტევა განაახლა, მას შემდეგ რაც პალესტინელმა სამხედროებმა 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავის დასრულებისთანავე, ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ისრაელის არმიამ განახლებულ სარაკეტო თავდასხმას "მიუღებელი, აუტანელი და მყისიერ შედეგზე გათვლილი" უწოდა.

პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელსაც ღაზის სექტორზე კონტროლი აქვს დამყარებული, უარყო ნებისმიერი სახის ზავი, რადგან მისი წარმომადგენლების თქმით, დაჯგუფების მოთხოვნებს ისრაელი არ აკმაყოფილებს.

გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან ღაზის სექტორში 1890 პალესტინელი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით კი, დაღუპულია 64 ჯარისკაცი, 2 ისრაელში მცხოვრები და ტაილანდის მოქალაქე.

ისრაელმა საჰაერო ოპერაცია ჰამასის წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო, სახმელეთო - 17 ივლისს. ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთი რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები