მიხეილ სააკაშვილის საქმე

კონგრესმენი გერლახი: არ გამიკვირდება თუ სააკაშვილის ბრალდებები საეჭვო აღმოჩნდა

wikipedia

ამერიკელმა კონგრესმენმა პენსილვანიის შტატიდან ჯიმ გერლახმა ამერიკის ხმასთან საუბარში, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა შეაფასა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი საქართველოს ურთიერთობაზე დასავლეთთან, კონგრესმენი პასუხობს:

"საქართველო ამერიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი და მოკავშირეა, ამიტომ ქართველები ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ. საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის საშინელი აგრესია ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით. ჩვენ, აშშ-ის მთავრობამ და ამერიკელმა ხალხმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ქართველ ხალხს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში დავეხმაროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრულ საქმეს, მე დეტალებში ჯერ გარკვეული არ ვარ, მაგრამ ჩემთვის სიურპრიზი არ იქნება ის, თუ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალური ბრალდებები საეჭვო აღმოჩნდება".

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის 8 სენატორმა 2 განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის 2 უმაღლესი კომისარი – ქეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე, ასევე პოლონეთის, შვედეთისა და ლიტვის საგარეო უწყებები. 

კომენტარები