მიხეილ სააკაშვილის საქმე

აბაშიძე: უკრაინის და საქართველოს ერთმანეთთან გაიგივება არასწორია

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "უკრაინის და საქართველოს საკითხის ერთმანეთთან გათანაბრება და გაიგივება არასწორია. კონტექსტიდან ამოვარდნილი მგონია მე პირადად". აბაშიძემ Freedom House-ის პრეზიდენტის ინტერვიუ შეაფასა, სადაც, როგორც დევიდ კრამერი ამბობს, "ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით იქმნება შთაბეჭდილება, სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ". აბაშიძის თქმით, ძალიან ბევრი მოსაზრება შეიძლება მოვისმინოთ, თუმცა, "დღევანდელი ხელისუფლებისთვის არაერთხელ გაცხადებულა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კანონის უზენაესობა არის უმთავრესი თემა". ტაბულას კითხვაზე, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩიც კანონის უზენაესობაზე საუბრობდა, აბაშიძე პასუხობს, რომ "იანუკოვიჩიც აცხადებდა, სხვა ძალიან ბევრი დიქტატორი შემიძლია მოვიყვანო სხვადასხვა პერიოდის, რომელიც ამბობდა, რომ კანონი ყველაზე მაღალია. საბჭოთა პერიოდის მმართველებიც ამაზე საუბრობდნენ, მაგრამ ეს ხომ არ იყო რეალურად ასე. დღეს თუ ხედავთ, რომ საქართველოში არადემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, თუ იტყვით, რომ განსხვავებული აზრი, პოზიცია იდევნება, საკუთრების ხელყოფა ხდება, მაშინ მე გამიჭირდება თქვენთან ოპონირება და ვიტყვი, რომ ქვეყანა არადემოკრატიულად ვითარდება, მაგრამ ახლა ამასთან საქმე საერთოდ არ გვაქვს. სამწუხაროდ, გვქონდა. დღეს საქართველო დემოკრატიულად ვითარდება". 

დეპუტატის თქმით, "როდესაც ჩვენი ოპონენტები პრეტენზიას გვიყენებენ, რომ პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ისინი ამავდროულად, ამბობენ იმასაც, რომ "გამოძიება ყველაფერზე უნდა ჩატარდეს და ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასამალი. კი ბატონო, გამოიძიეთ, უბრალოდ, ამ გამოძიებას ნუ ექნება პოლიტიკური ელფერი". ჩვენც ამის მომხრე ვართ. თუ ჩვენ ზედმეტ პოლიტიზირებას მოვახდენთ ამ თემის და მოვითხოვთ იგივე პროკურატურისგან, რომ ეს საქმე გინდა თუ არა გამოიძიეთ, ან პირიქით, არ გამოიძიოთ, ორივე შემთხვევაში პოლიტიკურ საკითხთან გვექნება საქმე. ამიტომ ვაცადოთ პროკურატურას, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. სასამართლოს მიმართ ნდობის საკითხი მაღლდება, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში საკმაოდ გამჭვირვალედ.

აბაშიძის განცხადებითვე, "საქართველოს მეგობრებმა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინსვლას, ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ხელი შეუწყვეს და ეს არის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, მაგრამ ამავდროულად, ზოგი ურთიერთობა პიროვნულ ურთიერთობებში გადაიზარდა, საკმაოდ მაღალ მეგობრობაში, რომელსაც შეიძლება ითქვას, ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა, მაგრამ სუბიექტივიზმი წინა პლანზე მოდის". მისი თქმით, "როდესაც ჩვენ ვმეგობრობთ, როდესაც გვაქვს ურთიერთობები, ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა დაინახო იმ ადამიანის ბრალეულობა და თქვა, რომ "ჩვენ ამათთან ვმეგობრობდით, ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ დემოკრატიულ გზაზე წინსვლას". მათთვის ძალიან რთულია, დაინახონ ის ვითარება, რომ თურმე აქ ყოფილა სერიოზული დარღვევები". დეპუტატის თქმით, "როგორც გვიჭირს ჩვენი ახლობლების ჩადენილი გარკვეული არამართლზომიერი ქმედებების დაჯერება და აღქმა, ასეა აქაც. ეს არის ელემენტარული ფსიქოლოგიური მომენტი და ურთიერთობები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დროში ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და ყველა დაინახავს იმას, რომ საქართველოში არანაირ პოლიტიკურ დევნას და ანგარიშსწორებას არ აქვს ადგილი, ეს არის სამართლებრივი თემა და მჯერა, რომ ასეა და ასეა რეალურად".

კომენტარები