ამერიკელი სენატორები

რატომ შეცვალა პრემიერმა საპასუხო წერილის გასაჯაროების გადაწყვეტილება?

პრემიერის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ახლადგამოქვეყნებული წერილი ოთხი სენატორის მიმართ, სწორედ ის ტექსტია, რომელიც ამერიკელ კანონმდებლებს დიპლომატიური არხების მეშვეობით გაუგზავნა საქართველოს პრემიერმინისტრმა და რომლის გასაჯაროებასაც პრემიერი თავად არ აპირებდა.

სენატორების წერილი, რომელიც 1 აგვისტოთი თარიღდება, საქართველოს მთავრობას არ გაუსაჯაროებია, ის ტაბულამ მოიპოვა და 7 აგვისტოს გამოაქვეყნა. პრემიერის პრესსამსახურმა მაშინ ტაბულას უპასუხა, რომ "სენატორებისადმი საპასუხო წერილი მომზადებულია და მიწოდებულია დიპლომატიური არხების მეშვეობით. წერილის გასაჯაროება კი ადრესატებზეა დამოკიდებული და თუკი სენატორები საჭიროდ ჩათვლიან მის გამოქვეყნებას, მისი შინაარსი თქვენთვისაც გახდება ცნობილი".

კითხვაზე, რატომ შეცვალეს პრემიერის პასუხის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება, პრესსამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა ტაბულას უპასუხა:

„თქვენ არ მოისმინეთ ეტყობა თავად პრემიერის პასუხი, მას კითხვა დაუსვეს, თუ არ ვცდები ამბასადორიალზე, ჟურნალისტებმა კითხეს ამ წერილის შესახებ. მან უპასუხა, რომ საიდუმლო და დასამალი ამ ინფორმაციაში არაფერი არ იყო, მიზეზი იყო ის, რომ თავად ადრესატებს არ ჰქონდათ ჯერ წაკითხული და გამოქვეყნდებოდა. პრემიერმა დაპირება შეასრულა და გამოაქვეყნა წერილი, როდესაც ადრესატები გაეცნენ წერილის შინაარსს".

ტაბულამ ღია წყაროებში ვერ იპოვა პრემიერის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საპასუხო წერილი მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც სენატორები მას გაეცნობიან. პრემიერმინისტრის მიერ, 8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აღნიშნულ თემაზე გაკეთებულ განცხადებაში, მსგავსი შინაარსი არ გვხვდება.

ტაბულა შეეცდება, პრესსამსახურისგან პრემიერის აღნიშნული განცხადების ტექსტი მოიპოვოს.

ტექსტის გამოქვეყნებამდე პრემიერმინისტრმა მედიის წარმომადგენლებს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "მედიის დიდი დაინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხო წერილი ამერიკელი სენატორებისადმი, მას შემდეგ, რაც ადრესატები გაეცნენ წერილს, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება პრემიერ–მინისტრის ფეისბუქის გვერდზე" - ნათქვამი იყო განცხადებაში.

კომენტარები