ერაყის კრიზისი

ერაყის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრის ვინაობა დაასახელა

ჰაიდერ ალ-აბადი
Ali Abbas / European Pressphoto Agency

ერაყის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი პრემიერმინისტის ვინაობა დაასახელა. ახალი პრემიერმინისტრი 1952 წელს დაბადებული ჰაიდერ ალ-აბადია. ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმისგან შევიწროების გამო ალ-აბადი ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და სამშობლოში 2003 წელს, ერაყის გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა.

ახალი პრემიერის დასახელება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოხდა. ექსპრემიერმა ნური ალ-მალიქიმ, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად დედაქალაქის ქუჩებში თავისი ერთგული ძალები გამოიყვანა.

ჰაიდერ ალ-აბადის წინაშე დიდი გამოწვევები დგას. წინა პრემიერმინისტრის მსგავსად, იგი შიიტი მუსლიმია და მმართველი კოალიციის წევრი. ყოფილ პრემიერს სუნიტი და ქურთული წარმომავლობის პოლიტიკური ძალების შესუსტებისა და მთავრობის მხოლოდ შიიტი პოლიტიკოსებით დაკომპლექტებისთვის აკრიტიკებდნენ.

პრეზიდენტის მიერ დასახელებული ახალი პრემიერი huffington post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ თუ აშშ ერაყის სუნიტი ექსტრემისტების წინააღმდეგ არ განახორციელებდა საჰაერო დარტყმებს, მაშინ მათ ირანისგან მოუწევდათ იმავე დახმარების მიღება. მას ასევე ერაყის ქურთულ სათვისტომოსთანაც ჰქონდა უთანხმოებები, რაც ქურთისტანის ნავთობის ექსპორტთან იყო დაკავშირებული - ალ-აბადის აზრით, ამას შესაძლოა ქვეყნის დეზინტეგრაცია მოჰყოლოდა.

კომენტარები