თბილისის მიკროავტობუსი

ჩართულია თუ არა სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება, ზედამხედველები დააკვირდებიან

კომპანია თბილისის მიკროავტობუსი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, ადმინისტრაციულ ზომებს ამკაცრებს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე თბილისის მიკროავტობუსის გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ თქვა, კომპანიამ მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ დაიწყო. მისი ინფორმაციით, მძღოლებზე მკაცრდება ზედამხედველობა, კერძოდ, ქალაქში იმოძრავებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც შეამოწმებენ, ჩართულია თუ არა სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების სისტემა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სანქციები ადგილზე გატარდება. დავით ასანიძის განცხადებით, პირველი სანქცია გაფრთხილება იქნება, შემდგომ დარღვევაზე, მძღოლი ორი კვირის განმავლობაში აღარ იმუშავებს მიკროავტობუსის ხაზზე, მესამე შემთხვევაში კი, კომპანიასთან კონტრაქტი გაუუქმდება.

"თბილისის მიკროავტობუსი სეზონის დადგომასთან ერთად, ყოველწლიურად საკუთარი სახსრებით არემონტებს კონდიცირების სისტემას ყველა მიკროავტობუსში. თუმცა მძღოლები უარს ამბობენ კონდიცირების სისტემის ჩართვაზე, რადგან აღნიშნული დაკავშირებულია ფინანსებთან, კერძოდ, მძღოლს უწევს დამატებითი ხარჯების გაწევა საწვავზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მძღოლებს მგზავრთნაკადის შემცირების გამო უწესებს საზაფხულო მოსაკრებელს, ანუ უმცირებს გადასახადს, მძღოლები კონდიცირებას მაინც არ რთავენ", - განაცხადა დავით ასანიძემ.

კომენტარები