სოციალური რეკლამა

ენმ: სოციალური რეკლამის შესახებ კანონი მედიის დამოუკიდებლობას ლახავს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, სოციალური რეკლამის შესახებ კანონი მედიის დამოუკიდებლობას ლახავს. მან დღევანდელ ბრიფინგზე მთავრობას მოუწოდა, შეაჩეროს "ამ მავნე კანონის" მიღება.

"მოგეხსენებათ, რომ ბოლო პლენარულ სხდომაზე, მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობისა, უმრავლესობამ მიიღო კანონი, რომელიც იყო ინიცირებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ და ეხებოდა სოციალურ რეკლამას. ეს კანონი ლახავს კერძო მაუწყებლების, როგორც ფინანსურ, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობას და ქმნის მედიაზე ზეწოლის დამატებით ბერკეტებს. მოვუწოდებთ მთავრობას, შეაჩეროს ამ მავნე კანონის მიღება. მაშინ მხოლოდ ის შევძელით, რომ ერთი თვით გადავადებულიყო კანონის მოსმენა. ახლა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ამ კანონის მიღება შელახავს მედიის დამოუკიდებლობას", - განაცხადა რატიანმა.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს 2014 წლის 17 ივნისს წარედგინა, მაუწყებლებს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის სოციალური რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის მიყიდვა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც კანონით სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილ უფასო დროს (ყოველ სამ საათში არანაკლებ 90 წამი) შეავსებენ. პარლამენტი ცვლილებების პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

კომენტარები