ამერიკელი სენატორები

ენმ: პრემიერის წერილშიც კი ვერ ახერხებს მთავრობა, რომ შეცდომები არ დაუშვას

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, "სამწუხაროა, რომ პრემიერის მიერ გაგზავნილ წერილშიც კი ვერ ახერხებს მთავრობა, რომ შეცდომები არ დაუშვას და შემდეგ, მის შესწორებას არ ეცადოს". ბარამიძე პრემიერის პრესსამსახურის განმარტებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილ წერილში სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ დავით კირვალიძესთან დაკავშირებით მოყვანილი მაგალითი ტექნიკური უზუსტობაა. კერძოდ, წერილში წერია, რომ დავით კირვალიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, ის სამინისტროს მაღალჩინოსნებზე გამოძიების დაწყების შემდეგ, საკუთარი ნებით გადადგა. გიორგი ბარამიძის შეფასებით, "სწორედ ეს არის, როცა ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლება უნიათო და არაკომპეტენტურია".

დეპუტატის თქმითვე, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილი წერილი "სავსეა ტყუილებით იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხელისუფლება ოპოზიციასთან თანამშრომლობს და კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს". როგორც ბარამიძე აღნიშნავს, "ყველამ კარგად იცის, როგორი დამოკიდებულება აქვს პირადად პრემიერს და ხელისუფლებას ოპოზიციისადმი".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, "ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემებს უქმნის", რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის პრობლემაა და არა ნაციონალური მოძრაობის.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილ წერილში სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ დავით კირვალიძესთან დაკავშირებით მოყვანილ მაგალითს "ტექნიკურ უზუსტობას" უკავშირებს. სააგენტო ინტერპრესნიუსს პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ რეალური კონტექსტი სხვა იყო.

"ამერიკელი სენატორების მიმართ საქართველოს პრემიერმინისტრის წერილში, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ტექნიკური უზუსტობა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის საკითხთან დაკავშირებული საქმის ფორმულირებაში. ეს არ ყოფილა გამიზნული. რეალურად, კონტექსტი იყო ასეთი - აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ. სწორედ ამის გამო, სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა დავით კირვალიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან. ამიტომ, ვფიქრობთ, ზედმეტია ამ თემის პოლიტიკური ანგაჟირება", - უთხრეს ინტერპრესნიუსს პრემიერის პრესსამსახურში.

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი სენატორებისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ "ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მთავრობისგან დამოუკიდებელ პროკურატურას მიენიჭა უფლება გამოიძიოს წინა და ახლანდელი სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მძიმე კანონდარღვევები. ეს არ არის ცალმხრივი - ჩვენი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი სასჯელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გამო". 

ამასთან, დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მთავრობა არ იზიარებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სენატორებისადმი გაგზავნილი წერილის იმ ნაწილს, რომელიც სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ეხება. 

კომენტარები