ნარკოპოლიტიკა

სერგეენკო: ნარკოტიკული ზედოზირებისას სამკურნალო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პაციენტის სამკურნალო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. როგორც სერგეენკომ ტელეკომპანია იმედის ეთერში აღნიშნა, ნარკოტიკულ ზედოზირებასთან დაკავშირებული ინიციატივა ნაწილია იმ დიდი სტრატეგიისა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს.  

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ერთის მხრივ იყო უკიდურესად ლიბერალური დამოკიდებულება სააფთიაქო ნარკომანიისადმი, ხოლო მეორეს მხრივ - ერთგვარად რეპრესიული დამოკიდებულება მომხდარებლებისადმი.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ორი ვექტორი ლოგიკურ მიმართულებაში მოვიყვანოთ და ეს ინიციატივაც ერთ-ერთი ნაწილია იმისა, რომ ადამიანებს ფსიქოლოგიური ბარიერი მოეხსნათ. ამიერიდან ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობა აღარ დაექვემდებარება პოლიციისთვის სავალდებულო შეტყობინებას და უფრო მეტიც, ზედოზირების მდგომარეობის სამკურნალო სამედიცინო დახმარებას უკვე სახელმწიფო დააფინანსებს", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისა და სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის გამო არავინ დასჯილა. მისი თქმით, ეს იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური შემაკავებელი ფაქტორი და ესეც მოიხსნა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით, პოლიციისათვის ცნობის გადაცემას აღარ დაექვემდებარება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევები, "თუ დამატებით სახეზე არ არის ამავე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები.“ შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №239/ნ ბრძანებაში. 

კერძოდ, პოლიციისათვის ცნობის გადაცემას ექვემდებარება: 

ა) ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე;  

ბ) უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა;  

გ) ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა;  

დ) მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა (გარდა ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობისა), როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე;  

ე) ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა;  

ვ) საავადმყოფოში გვამის მიტანის, ან პაციენტის მიყვანიდან 24 საათში დამდგარი სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ხელმოწერილი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. 

კომენტარები