ერაყის კრიზისი

ისლამისტების ტერორით დაზარალებული ქურთები და ქრისტიანები დახმარებას ითხოვენ

ათასობით ქურთი იეზიდი ერაყის ჩრდილოეთში ისლამისტების მიერ 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ბლოკირებული რჩება. გაერომ, რომელმაც ამასთან დაკავშირებით  შეშფოთება გამოთქვა, საერთაშორისო თანამეგობრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა. შეიარაღებული ისლამისტები იეზიდებს ისლამის მიღებას აიძულებენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი უსწორდებიან. ათასობით იეზიდმა თავი ქურთისტანსა და სირიას შეაფარა.

ისლამისტების მიერ დაკავებული რაიონებიდან ერაყელი ქრისტიანებიც გარბიან. ისინი სასიკვდილო საფრთხეზე საუბრობენ, რაც მათ სახლებში დაბრუნების შემთხვევაში ელოდებათ. ქრისტიანები ვატიკანს და საერთაშორისო თანამეგობრობას თავშესაფრის თხოვნით მიმართავენ.

ტერორისტული ორგანიზაციის - ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ერაყის ხელისუფლებას შეერთებული შტატები ეხმარება, რომელიც ისლამისტების წინააღმდეგ ავიაიერიშებს ახორციელებს.

ერაყის პრემიერმა ნური მალიქიმ კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა მისი შემცვლელი უკვე დანიშნა. მალიქი აცხადებს, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება. 

კომენტარები