მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბრალის წარდგენის შემდეგ თემურ ჯანაშიამ პროკურატურის შენობა დატოვა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

ბრალის ოფიციალური წარდგენის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ პროკურატურის შენობა დატოვა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

"უკანონო არაფერი ჩამიდენია, არც მე არც ჩემს წინამორბედს", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

მისი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განმარტებით, ბრალის წარდგენა მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე, რაც გაფლანგვას გულისხმობს. საქმე კი 12 ტომს შეადგენს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ადვოკატისთვის უცნობია, რა სახის შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურა სასამართლოს.

დღესვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თანხების გაფლანგვის საქმეზე საქმის მასალები გადაეცა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ოთარ კახიძეს. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში ახალი არაფერია. მისი თქმით, მასალებში არსებობს ოფიციალური დოკუმენტაცია, პრეზიდენტის განკარგულებები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისი ხარჯვის თაობაზე.

პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც. პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

კომენტარები