ფარმაცევტული ბაზარი

სერგეენკო წამლების რეცეპტით გაცემაზე: არ არსებობს არანაირი ტრაგედია

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტების რეცეპტით გაყიდვის გამო ე.წ. შავი ბაზრის სტიმულირებას გამორიცხავს. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ სერგეენკომ თქვა, "არ არსებობს არანაირი ტრაგედია". მისი განცხადებით, ტრაგედია არის ის, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ დაკარგა ექიმის ნდობა და მიიჩნევს, რომ თავად შეუძლია მოუაროს თავის თავს. მინისტრის თქმით, სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას.

"რაც შეეხება შავი ბაზრის სტიმულირებას, ამით ეს რისკი არ იქმნება", - თქვა დავით სერგეენკომ. 

მისივე განმარტებით, ექიმის დანიშნულების გარეშე რიგი პრეპარატების დამოუკიდებელი მიღება ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

"ოჯახის ექიმთან მისვლა შეუზღუდავია და უფინანსდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ყოველგვარი თანადაფინანსების გარეშე, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. ასე რომ, ამ კუთხით მათ არანაირი დისკომფორტი არ ექნებათ. რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების შესაძლო გაზრდას, ამ კუთხით მოსახლეობის გაძლიერებული მღელვარება გამოიწვია იმ სმს-ებმა, რომელიც მოსახლეობას ზოგიერთმა აფთიაქმა დაუგზავნა. გარწმუნებთ, რომ არც ამ კუთხით არსებობს პანიკის არავითარი საფუძველი", - განაცხადა ჯანდაცვის მინიტრმა და აღნიშნა, რომ 3000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი თავისუფლად გაიყიდება. მისი თქმით, მათ შორის არის სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული პრეპარატები და ა.შ.

კომენტარები