მიხეილ სააკაშვილის საქმე

კახიძე: შიდა ძებნის გამოცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება

ოთარ კახიძე
facebook

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე შიდა ძებნის გამოცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება. კახიძის თქმით, როგორც ჩანს, პროკურატურას არ აქვს იმედი, რომ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემთხვევაში, აშშ-ის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას მოახდენს.

"რა აზრი აქვს შიდა ძებნის გამოცხადებას იმ პირზე, რომელიც საქართველოს ფარგლებში არ იმყოფება? ყველამ ვიცით, რომ არის საზღვარგარეთ და თავისუფლად გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყნებში. ბუნებრივია, შიდა ძებნის გამოცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ იმედი, რომ აშშ-ის სასამართლო ამ საქმეების მოსმენის შემდეგ მიიღებს ექსტრადირების გადაწყვეტილებას, მათ აქვთ ამის გამოცდილება დავით კეზერაშვილის საქმეზე", - აცხადებს ადვოკატი.

ოთო კახიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მედიკამენტები იყიდა.

"არცერთ ადამიანზე არ შეიძლება ამგვარი ცნობების გასაჯაროება, მით უმეტეს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურზე, ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვაც და თავის მოჭრაც მთლიანად პროკურატურის. პროკურატურა გადაიქცა ასავალ-დასავალად, ქილიკი მიმდინარეობს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სხვა რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს მედიკამენტის შეძენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული. მისთვის ბრალის წარდგენაზე შეშფოთება რამდენჯერმე გამოთქვეს ამერიკელმა სენატორებმა, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ. გარდა ამისა, ორგანიზაცია Freedom House-ის ხელმძღანელმა დევიდ კრამერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით "იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ". 

კომენტარები