შემთხვევა ამერიკაში

მისურის შტატში პოლიციამ დემონსტრანტები ძალადობრივად დაშალა

ამერიკაში, შტატ მისურის ქალაქ ფერგიუსონში 4-დღიანი დემონსტრაციების შემდეგ სიმშვიდეა. პოლიციამ დემონსტრანტები ძალადობრივად, ცრემლსადენი გაზითა და კვამლის ჭურვებით დაშალა. დააკავა რამდენიმე ადამიანიც, მათ შორის - 2 ჟურნალისტი. 

ერთ-ერთი დაკავებულის მეგან ფლანერის თქმით, ის ხმაურისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს და $300-ის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. "ძალიან გავბრაზდი, რომ დაგვაკავეს. იმიტომ, რომ არაფერი დაგვიშავებია. მინდა, ხალხმა ყურადღება მიაპყროს. ჩვენ გვინდა სამართლიანობა", - აღნიშნავს ფლანერი.

დაკავებულთა შორის მაიკლ ფაუერი მოხვდა, რომელიც საპატიმროში გატარებულ ღამეს აღწერს. "ვხტუნაობდით, რათა გავმთბარიყავით. ყველა იყინებოდა. ხალხი იყენებდა ტუალეტის ქაღალდს და მხრებზე იხვევდა", - ამბობს ფაუერი.

თავად პოლიციის განმარტებით კი, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ხელყუმბარები დაუშინეს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაშავდა. 

მომიტინგეები პოლიციელის მიერ 18 წლის აფროამერიკელი თინეიჯერის, მაიკლ ბრაუნის მკვლელობას აპროტესტებდნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, უდანაშაულო, შეუიარაღებელ მოზარდს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმეჯერ ესროლა. თუმცა, სამართალდამცველები განმარტავენ, რომ ბრაუნი პოლიციელთან ჩხუბის შემდეგ დაიჭრა, როდესაც მისგან იარაღის გატაცებას ცდილობდა.

პოლიციელის სახელს ჯერჯერობით არ ახმაურებენ, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, მისი ვინაობა ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

მომხდარი არეულობის გამო ბარაკ ობამამ შეშფოთება გამოთქვა. თინეიჯერის დაღუპვასთან დაკავშირებით კი, საგამოძიებო უწყებებს ფაქტის ღია და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა.

"არავის ეპატიება ძალადობა პოლიციის მიმართ. ასევე არ ეპატიებათ სამართალდამცველებს ძალის გადამეტება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მათი დაკავება. აქ, ამერიკაში პოლიციამ არ უნდა დააშინოს ან დააპატიმროს ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ და ამერიკელ ხალხს იმ ინფორმაციას აწვდიან, რასაც ხედავენ", - თქვა ობამამ.

მსგავსი შემთხვევა, რომელსაც ასევე მასობრივი პროტესტი მოჰყვა, აშშ-ში 2012 წელსაც მოხდა. ფლორიდაში პატრულის თანამშრომელმა ჯორჯ ციმერმანმა 17 წლის აფროამერიკელი ტრეივონ მარტინი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სასამართლომ ის გაამართლა. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ის თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.

კომენტარები