საიდუმლო მიმოწერა

ნინო კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება უადგილოა

„პრეზიდენტის დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე, კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩა“, - ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილების შესახებ საუბარი უადგილოა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებაზე, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა მარგველაშვილს ერთი თვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაციაზე საიდუმლოების გრიფის მოსახსნელად, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

"საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში ხუთი წუთი იფიქროს თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ დააჩქარო ეს გადაწყვეტილება. 9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა წინა ხელისუფლების, რომ მათ არ იცოდნენ სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულებები და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები