ფარმაცევტული ბაზარი

სერგეენკო: რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენა მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის

ipress.ge

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "სამედიცინო საზოგადოების პოზიცია მედიკამენტების რეცეპტით გაცემის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმასთან დაკავშირებით პოზიტიურია". ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას უთხრა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. მისი მტკიცებით, რეფორმა მოსახლეობას არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის.

"მოგეხსენებათ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია და შეხვედრები, როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებთან, ასევე ფართო საზოგადოებასთან. შეხვედრების მიზანია მაქსიმალურად რბილად და მოსახლეობისთვის დისკომფორტის გარეშე მოხდეს იმ რეფორმის გატარება, რომელიც რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენას ეხება. დღევანდელი შეხვედრაც ერთ-ერთი მათგანია. ვარწმუნებთ ყველას, ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ახალი რეგულაციები მათ არ შეუქმნის დისკომფორტს. პირიქით, ის ემსახურება თქვენი ჯანმრთელობის უკეთესად მოვლას", - განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ მედიკამენტების რეცეპტით შეძენა მოსახლეობას დამატებით ფინანსურ დანახარჯს არ შეუქმნის, რადგან ოჯახის ექიმთან ვიზიტი, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა.

"სამედიცინო საზოგადოების დამოკიდებულება ამ რეფორმისადმი ცალსახად პოზიტიურია. მათ კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობა. რაც შეეხება საზოგადოების მოლოდინს, რომ ეს მათ დამატებით ფინანსურ ან დროის ბარიერს შეუქმნის, ეს მსჯელობა სამართლიანი იქნებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ამოქმედებამდე, როცა მათ თანხა უნდა გადაეხადათ. ახლა, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 100 %-ისთვის ოჯახის ექიმთან ვიზიტი არის უფასო და შეუზღუდავი", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება არსებულ მოსაზრებას, რომ ახალმა რეფორმამ შესაძლოა სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვიოს, დავით სერგეენკოს თქმით, რეფორმის მიზანი სწორედ სიკვდილიანობის შემცირებაა.

კომენტარები