ეროვნული უშიშროების საბჭო

პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა შემადგენლობის გაფართოების ინიციატივით გამოდის. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით პრეზიდენტი საკუთარ ხედვაში აღნიშნავს, რომ საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები უნდა დაემატოს.

"ვფიქრობთ, გონივრული იქნება, უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში მუდმივ წევრებად დაემატონ პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, გენერალური შტაბის უფროსი. ამგვარად, სამი სახელისუფლო ინსტიტუტის - პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის - წარმომადგენლობა ამ კონსტიტუციურ ორგანოში, მიგვაჩნია, რომ ოპტიმალური იქნება და უშიშროების საბჭოს შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდება: პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროებისა, საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, პრემიერმინისტრი, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გენერალური შტაბის უფროსი. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნებიან სხვა პირებიც", - მიიჩნევს მარგველაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ეროვნული უშიშროების საბჭო ინსტიტუციურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის სამუშაო ურთიერთობას როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. 

კომენტარები