საბიუჯეტო ხარჯები

ბესელია: სააკაშვილმა იაფფასიანი შოუ დადგა, მან ტერიტორიები უნდა დააბრუნოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, "ის, რაც დღეს სააკაშვილმა დადგა, იაფფასიანი შოუა". ბესელია სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ ექსპრეზიდენტის პალტოსა და პიჯაკების მთავრობის ადმინისტრაციაში მიტანის ფაქტს გამოეხმაურა.

"ის რაც დღეს სააკაშვილმა დადგა, იყო იაფფასიანი შოუ. ეს არის მისი სახე, ასეთი მდაბიო სანახაობებით მართავდა იგი ქვეყანას. თუ დაბრუნებაზეა საუბარი, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააბრუნოს ის ტერიტორიები, რომელიც დაკარგულია მისი პრეზიდენტობის პერიოდში, დააბრუნოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე, შელახული უფლებები და ღირსება, ის მილიონები, რომლითაც სააკაშვილი და მისი გუნდი ძარცვავდნენ ქვეყანას. პალტო და პიჯაკი არის ქვეყნის ბიუჯეტისადმი მისი დამოკიდებულების უთავმოყვარეო გამოხატულება. ის, რაზეც ვსაუბრობ, არის მისი დასაბრუნებელი და ეს არის მისი ვალი ქვეყნის წინაშე, რომელსაც სააკაშვილი ვერასოდეს გამოისყიდის", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას ის შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო გაუგზავნა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით არის შეძენილი. სააკაშვილმა ტანსაცმელთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა - "გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის". ყოფილი პრეზიდენტის ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციაში არ ჩაიბარეს.

"ჩვენ ვიბარებთ მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს, დოკუმენტს ჩავიბარებთ, ტანსაცმელს ვერა", - უთხრეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კანცელარიის საშვთა ბიუროში. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით კი, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო პატრულის თანამშრომლებმა დაკარგული ნივთების ბიუროში გადაიტანეს. 

მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა, ერთ-ერთი ასეთი ხარჯი კი, პროკურატურის მტკიცებით, პიჯაკებსა და პალტოზე დახარჯული თანხაა. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში შვიდი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად - 7 994,84 ლარი.

კომენტარები