საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

მაკკეინი: საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები იმედგამაცრუებელია

David McNew/Getty / www.guardian.co.uk

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, ის შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ პოზიციას არ იჩენს. ამის შესახებ მაკკეინმა ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.

„მე მაღელვებს ის, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს. მთავრობას არ დაუგმია ვლადიმირ პუტინის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს მიუღებელია,“ - აღნიშნა მაკკეინმა და საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზეც ისაუბრა. სენატორის თქმით, ის იმედგაცრუებულია ხელისუფლების მოქმედებებით. მაკკეინი აღნიშნავს, რომ ამ პროცესებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე გავლენა ექნება.

"ძალიან გამიცრუვდა იმედები. ახალმა მთავრობამ დამარწმუნა იმაში, რომ წარსულს უკან მოიტოვებდა. საქართველომ ძალიან გრძელი გზა გაიარა, ეკონომიკურად, დემოკრატიულად, ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ახლა ეს მოქმედებები იმედგამაცრუებელია. მათ გავლენა ექნება ამერიკის ურთიერთობაზე საქართველოსთან“ - თქვა მაკკეინმა.

ამერიკელი სენატორი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მარცხს უკავშირებს. როგორც ჯონ მაკკეინი აღნიშნავს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას წარმატების მიღწევაში ხელი შეუშალოს.

"ეს ამერიკის ხელმძღვანელობის მარცხია და ამისთვის ძალიან მაღალი საზღაურის გადახდა კიდევ დიდხანს მოგვიწევს. ჩვენ ვლადიმირ პუტინს ყირიმის მითვისების საშუალება რეაგირების გარეშე მივეცით. სანქციები, რომლებიც დავუწესეთ, ძალიან სუსტია. სიტუაციას პუტინის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ის ძალიან წარმატებულია. უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზაციას აგრძელებს. მე მჯერა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა შეინარჩუნოს. მას არ უნდა უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს.“ - განაცხადა სენატორმა.

ამერიკის ხმას მას ჰკითხა, თუ როგორ შეიძლება რუსეთის აგრესიის შეჩერება რეგიონში. ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რეალური სანქციებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების გარეშე პუტინის შეჩერება რთული იქნება.

„უნდა დავაწესოთ ნამდვილი სანქციები, უნდა შევიმუშაოთ გეგმა, რომელიც მომდევნო ორი წლის შემდეგ უზრუნველყოფს ამერიკის ენერგო-რესურსების ექსპორტს უკრაინასა და ევროპაში და ევროპის რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ასევე უნდა მოვახდინოთ ვლადიმირ პუტინის გადაფასება და ის მივიღოთ იმად, რაც სინამდვილეში არის - სუკის პოლკოვნიკი, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. ამ გზით ჩვენ პუტინს გავაგებინებთ, რომ მის მოქმედებებს საფასური ახლავს" - განაცხადა მაკკეინმა და დასძინა - "ძალიან ვამაყობ იმით, რომ პუტინმა ჩემ წინააღმდეგ სანქციები დააწესა".

კომენტარები