კაზანტიპი 2014

კაზანტიპის ათდღიანი ფესტივალი დღეს, 20 აგვისტოს, 21 საათზე დაიწყება

კაზანტიპის ფესტივალი დღეს, 20 აგვისტოს, 21 საათზე იწყება. ვიზების გაცემა უკვე დაწყებულია. 

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, თითქმის ყველა სცენა მზადაა და ”რესპუბლიკა” ათიათასობით დამსვენებელს ელის.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა, წელს საქართველოში, ანაკლიაში, პირველად გაიმართება. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის სცენის არაერთი გამორჩეული დიჯეი ჩამოდის. Dixon, Ricardo Villalobos, jamie jones, Guy Gerber, Âme, Seth Troxler და სხვა არაერთი გამორჩეული დიჯეი 10 დღის მანძილზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად ”რესპუბლიკა კაზანტიპის” სცენაზე იდგება.

ფესტივალის დაწყების პარალელურად, საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისსა და ანაკლიაში. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი კაზანტიპის საქართველოში ჩატარებას აპროტესტებს. დეკანოზი დავით ქვლივიძე კი მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა ის ქვეყანა, რომელიც 12 000 მეძავით ეკონომიკის წამოწევას ცდილობს.

"ადამიანი ამბობს, რომ არის ჯადოქარი, ანუ სატანის მსახური. ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებს აკეთებს მარიამობის მარხვაში. ჩვენ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, აუკრძალოს ამ პირს ქვეყანაში ყოფნა. ამერიკა და ევროპის ქვეყნები ხომ უკრძალავენ ვიღაც-ვიღაცეებს თავის ქვეყნებში შესვლას. ეს არის კაცი, რომელიც ჩვენს ტრადიციებს შეურაცხყოფს და დაგვცინის, დაცინვით საუბრობს ეპისკოპოსებზე. ასეთი თავხედობა მონღოლებისა და შაჰ-აბასის მეომრებს არ გამოუჩენიათ. ეს ქვეყნის სირცხვილია. ქვეყანა, რომელიც ფიქრობს, რომ 12 000 მეძავით ქვეყანას წამოწევს, შემირცხვენია ასეთი ქვეყანა, 12 000 მეძავი წყვეტს ამ ქვეყნის ეკონომიკას? ეს არის შემდგარი ქვეყანა? ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამ პირს ქვეყანაში ყოფნა უნდა აუკრძალოს და ამაზე უშიშროება უნდა ფიქრობდეს", - განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

"რესპუბლიკა კაზანტიპში" ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა. ”რესპუბლიკის პრეზიდენტი” არ ახმაურებს ხალხის საერთო რაოდენობას, თუმცა მისი განცხადებით, გართობის მსურველები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოდიან.

კომენტარები