სამომხმარებლო ბაზარი

1-ლი სექტემბრიდან არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება

პირველი სექტემბრიდან არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში გასული წლის ზაფხულში შევიდა და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. როგორც ხუნდაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატის გაცემა იკრძალება. მედიკამენტები ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეიძინოს.

"ძალიან ხშირად ახალგაზრდები არამიზნობრივად იყენებენ პრეპარატებს. ზოგჯერ ხდება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლის დოზირებით მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს. ზედოზირება კი იწვევს ნარკოტიკულ თრობას", - თქვა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ფარმაცევტს უფლება აქვს, ეჭვის შეტანის შემთხვევაში, პირადობის მოწმობა მოითხოვოს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარიმო სანქცია 500 ლარის ოდენობით, კანონდამრღვევს დაეკისრება.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, აქამდე არასრულწლოვნებზე იკრძალებოდა ალკოჰოლის, ლუდისა და თამბაქოს გაცემა. მისი შეფასებით, მედიკამენტების გაცემასთან დაკავშირებული აკრძალვა საჭიროა და უადგილო არ არის.

შეგახსენებთ, რიმ ასევე 1-ლი სექტემბრიდან, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები.

კომენტარები