საბიუჯეტო ხარჯები

სასამართლომ სდსს-ის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ქონება დააყადაღა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ქონება დააყადაღა. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

ყადაღა დაედო თემურ ჯანაშიას კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, ასევე მიწის ნაკვეთს კახეთის რეგიონში და საბანკო ანგარიშებს. გარდა ამისა, მისი ორი შვილის კუთვნილებაში არსებულ ბინებსა და მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ორ საცხოვრებელ სახლს. 

"მოსამართლემ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა და ის დააკმაყოფილა. დააყადაღა როგორც თეიმურაზ ჯანაშიას უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშები, ასევე მასთან დაკავშირებული პირების - მისი მეუღლის ხათუნა ნუცუბიძის ქონება, რომელთანაც განქორწინებულია და ასევე მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვის ქონება. სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ მოუთხოვია არანაირი მტკიცებულებები", - განაცხადა გაბაიძემ.

თემურ ჯანაშიას ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განსახილველად 72-საათიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის წაუყენა.

კომენტარები