დავით ბაქრაძე

პროკურატურამ ბაქრაძის უცხოურ ანგარიშზე არსებული თანხის გამო გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის ანგარიშზე დაფიქსირებული თანხის წარმომავლობას შეისწავლის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანას და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დავით ბაქრაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ HSBC ბანკის ანგარიშზე მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ თანხას ინახავდა.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  2014 წლის 28 ივლისს დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ HSBC ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიშები (40228434012380; 40228434012380), რომლებზეც განთავსებული ჰქონდათ 276 849,89 გირვანქა სტერლინგი (795 000 ლარი) და გადაიტანეს სხვა საბანკო ანგარიშებზე. ასევე გავრცელდა აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები. საზოგადობის ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ დავით ბაქრაძის მიერ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულ, დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს ბევრად აღემატება გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა. ასევე, კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, დეკლარაციებში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშისა და ანგარიშზე ფულადი თანხის არსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეისწავლის როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას, ასევე მათში დაფიქსირებული თანხების წარმომავლობის კანონიერებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები