კრიზისი უკრაინაში

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ილოვაისკში ცხრა უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

მარჯვენა სექტორის მებრძოლები
დიმიტრო იაროში / facebook.com/dyastrub

უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ქალაქ ლუგანსკში რუსეთის ტერიტორიიდან ჯავშანკოლონა შევიდა. სულ საზღვარზე გუშინ 40-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა გადავიდა, მათ შორის ტანკები და გრადის ტიპის დანადგარები.

უკრაინული წყაროების ცნობით, ბრძოლებში რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები და სპეცრაზმელები მონაწილეობენ. ყველაზე მძიმე ბრძოლები კვლავ ქალაქ ილოვაისკთან მიმდინარეობს. ოპერაციის სარდლობის ცნობით, ქალაქი მთლიანად გათავისუფლებულია, თუმცა სამთავრობო ძალებს ტერორისტების კონტრშეტევების მოგერიება უხდებათ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ილოვაისკში 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბრძოლები მიდის ლუგანსკშიც, სადაც სამთავრობო ძალები ქალაქის ცენტრისკენ მიიწევენ. ამავე დროს, ვრცელდება ცნობები რუსეთში უკრაინის საზღვრებთან დამატებითი სამხედრო ძალების გადმოსროლის შესახებ.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლუგანსკთან ლტოლვილთა კოლონის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.

"ამ დროისთვის ნაპოვნია 15 ადამიანის ცხედარი. ჩვენ გავათავისუფლეთ ლუგანსკის ერთი რაიონი და ბრძოლები ამჟამად ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს" - თქვა უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს სპიკერმა ანდრი ლისენკომ.

კომენტარები