დავით ბაქრაძე

TI ბაქრაძის საქმეზე: ბანკთან პერსონალური მიმოწერის უკანონოდ მოპოვება დასჯადია

ოთხშაბათს, 20 აგვისტოს, დავით ბაქრაძემ განცხადება გაავრცელარომელშიც განმარტა, რომ HSBC ბანკის ანგარიშზე მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ თანხას ინახავდა.

ბაქრაძის საქმით პროკურატურაც დაინტერესდა. გარდა ამისა, ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო გამოეხმაურა. მათი განმარტებით, შესაძლოა, მოცემულ შემთხვევაში ორი სახის კანონდარღვევა გამოიკვეთოს.

პირველი ის, რომ პირის ბანკთან მიმოწერა პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, რისი უკანონოდ მოპოვება და გამოყენებაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი). სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, თუ რა გზით იქნა ეს ინფორმაცია მოპოვებული.

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია, მათ შორის, ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშებსა ან/და შენატანებზე. დავით ბაქრაძის მიერ 2014 წლის 3 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში ინფორმაცია ზემოხსენებული საბანკო ანგარიშის შესახებ არ არის მითითებული. 

თუ გავრცელებული ცნობა სიმართლეს შეესაბამება და უცხოურ ბანკში გახსნილი ანგარიში 2013 წელსაც არსებობდა, სახეზეა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი ინფორმაციის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები