მეწყერი დარიალის ხეობაში

დარიალის ხეობაში მეწყერი მეორედ ჩამოწვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

დარიალის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ მეორედ ჩამოიშალა. შეგახსენებთ, რომ დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ამჯერად, ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულების და დაკარგულების შესახებ არ ვრცელდება. თუმცა, სააგენტო ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება. ისინი ხეობაში არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა და რამდენიმე საათში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. უწყების ინფორმაციით, თერგის კალაპოტი გაღრმავდება. 

"კლდოვანი მასის ჩამოწოლის შედეგად ამ დრომდე გადაკეტილია 17 მაისის სტიქიის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგანგებოდ მოწყობილი დროებითი საავტომობილო გზა. ხეობაში ამ დრომდე ყველა სახის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია", - აღნიშნავს სამინისტრო. 

დარიალის ხეობაში გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდროლოგებისა და გეოლოგების ჯგუფი უკვე შევიდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ სტიქიის ადგილზე მისვლა დღეს გამთენიისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მოახერხეს. მათივე ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაათვალიერეს მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და რისკები შეისწავლეს. 

"დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წინა (17 მაისის) ღვარცოფული მოვლენის დროს დარჩენილი მასის გადმოტანა მოხდა. ადგილზე ღვარცოფის ახალი მოწყვეტის კერები არ ფიქსირდება. გამოტანილი მასის სავარაუდო მოცულობა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.  

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის შედეგად ყაზბეგი-ლარსის საბაჟო დატბორილია. 
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაწმენდითი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება.

კომენტარები