ავტოსაგზაო შემთხვევა

შსს: პოლიციელი, რომელიც ავარიის დროს მანქანას მართავდა, დაკავებული არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი ჯერ დაკავებული არ არის. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, პროკურატურა მანქანის ტექნიკური ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გადაწყვეტს, დააკავოს თუ არა თევდორაშვილი. ცნობისთვის, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, რევაზ თევდორაშვილი 17 აგვისტოს, ავტომანქანა ოპელს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც მიკროავტობუსს შეეჯახა და 24 წლის სოფიკო სეფიაშვილი იმსხვერპლა.

"ჯერ არ არის დაკავებული. ავტოავარიების დროს, საერთოდ ხდება ასე: გამოძიება აუცილებლად უნდა დაელოდოს ავტომანქანის ტექნიკური ექსპერტიზის პასუხს. ამ პასუხის შემდეგ, პროკურორი გამოიტანს გადაწყვეტილებას, დააკავონ თუ არა პიროვნება. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი საგამოძიებო ღონისძიებებია", - თქვა შსს-ს თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა ტაბულასთან საუბარში და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერჯერობით არ არის და არც იცის, როდის იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე უარყოფს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გამოძიება გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის მეუღლეს გიორგი თვალმიხელაშვილს რევაზ თევდორაშვილის ძარცვას ედავება. კერძოდ, ICK-ის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ არაერთხელ დაუკავშირდნენ დასაზუსტებლად, აქვთ თუ არა პრეტენზია მომხდარის გამო და აპირებენ თუ არა ოპელის მძღოლს უჩივლონ. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უპასუხეს, რომ ავარია შსს-ს თანამშრომლის რევაზ თევდორაშვილის ბრალეულობით მოხდა და მან პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გამოძიება გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის მეუღლის გიორგი თვალმიხელაშვილის წინააღმდეგ, რევაზ თევდორაშვილის ძარცვის ბრალდებით დაიწყო. როგორც ick თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რევაზ თევდორაშვილმა გაქცევა სცადა, რაც მან ვერ მოახერხა. გაქცევის მცდელობისას, მას ტელეფონი დაუვარდა. სოფიკო სეფიაშვილის მეუღლემ ოპელის მძღოლის ტელეფონი აიღო, რათა გაქცევის შემთხვევაში მისი ვინაობა დაედგინა. გამოძიება კი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გარდაცვლილის მეუღლეს ედავება, რომ მან ოპელის მძღოლი რევაზ თევდორაშვილი გაძარცვა.

"არავინ არაფერს არ ედავება. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მხოლოდ, ავარიის შესახებ აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა", - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, სართიჭალა-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ მარტყოფის გადასახვევთან მოხდა. გურჯაანიდან თბილისის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე მოძრავ ფორდ ტრანზიტის მიკროავტობუსს მეორეხარისხოვანი გზიდან დიდი სისწრაფით მომავალი ოპელის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი რამდენჯერმე გადაბრუნდა, კარი გაიღო და მგზავრები გარეთ გადმოვარდნენ. ფორდ ტრანზიტით სეფიაშვილების ოჯახის წევრები დასასვენებლად ბათუმში მიდიოდნენ. თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ ოპელის მძღოლი გარბოდა, როცა დაიჭირეს და გაქცევის საშუალება აღარ მისცეს. 

24 წლის სოფიკო სეფიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა მისი 10 თვის ბავშვი, რომელიც ამ დრომდე თბილისში, პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თვითმხილველებმა ick.ge-ს ასევე უთხრეს, რომ მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ოპელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მართავდა, ხელმძღვანელობას აცნობეს. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე ევაკუატორი გამოიძახეს, მანქანები ქალაქ რუსთავში საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიტანეს, რის შემდეგაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანით შემთხვევის ადგილი წყლით გადარეცხეს.

კომენტარები