კრიზისი უკრაინაში

უკრაინაში რუსი სამხედროების კონფლიქტში მონაწილეობის მტკიცებულებები იპოვეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკა. ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგეს.

ყველაზე მწვავე ბრძოლები კვლავ ქალაქ ილოვაისკში მიმდინარეობს, რომელიც უკრაინულმა ძალებმა თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს. ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ლუგანსკშიც. უკრაინელმა სამხედროებმა ხელში ჩაიდგეს რუსეთის სადესანტო ჯარების საბრძოლო მანქანა დოკუმენტებით, რომელიც კონფლიქტში რუსეთის რეგულარული ჯარების მონაწილეობას ადასტურებს.

გრძელდება ქალაქების და სხვა დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაბომბვა, რაშიც ხელისუფლება ტერორისტებს ადანაშაულებს. ქალაქ დონეცკში დარჩენილ მოსახლეობას შეფერხებით მოეწოდება ელექტროენერგია, არ არის წყალი. ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობა თავს სარდაფებს აფარებს.

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან საკუთარი სახლები 415 ათასმა ადამიანმა დატოვა.

ამასთან, კიევში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმისთვის ემზადებიან, რომელიც 24 აგვისტოს ჩატარდება. ქალაქის ქუჩებში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. 40-მდე ერთეული ტექნიკა, რომლის დიდი ნაწილი ახალია, აღლუმიდან პირდაპირ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაიგზავნება.

კომენტარები