სახელმწიფო პროგრამა

5 000 ლარი მიკრომეწარმეებს - ახალი ინიციატივა ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევა

მიკრომეწარმე, ჰამაკების მაღაზია ხაშურში
თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამის –„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც რეგიონებში მიკროსაწარმოების წახალისებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით 30 ივლისს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ქვეყნის ყოველ რეგიონში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ, პროგრამის ფარგლებში, შესარჩევი პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, სახელმწიფოსგან მიიღონ 5000 ლარამდე ფინანსური დახმარება, რათა შექმნან და განავითარონ მიკროსაწარმოები.

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პრესცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პროგრამაში დარგების კუთხით პრივილეგიები არ იქნება და ნებისმიერი კომერციულად მიმზიდველი პროექტი შეიძლება დაფინანსდეს. პროექტებს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი განიხილავს, რომლის უმთავრესი ინდიკატორიც პროექტის სიცოცხლისუნარიანობა და მისი განვითარებისა და მოგებიანობის პერსპექტივა იქნება.

პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს და აღნიშნული თანხა არ შედის პროგრამის "აწარმოე საქართველოში" თავდაპირველად  გამოყოფილ 46 მლნ ლარში. მიკრობიზნესებისათვის გამოყოფილი თანხა თანაბრად იქნება განაწილებული სააგენტოს 2014-2016 წლების ბიუჯეტში.

"აწარმოე საქართველოში" პრემიერის ინიციატივით შექმნილი პროგრამაა, მისი ძირითადი ნაწილის პრეზენტაცია მაისში მოხდა. პროექტი თავდაპირველად უფრო მეტად მსხვილი საწარმოებისა და ფერმების დაფინანსებას ისახავდა მიზნად. 

ახალი პროგრამის პროექტი ეკონომიკური საბჭოს წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა წარუდგინა.

შეხვედრას თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბიჩიაშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები