city პარკი

სითი პარკის მენეჯერი: თბილისიდან წასვლას არ ვაპირებთ

"კომპანია სითი პარკი თბილისიდან წასვლას არ აპირებს", - კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰავიმ საკრებულოს დეპუტატს ალეკო ელისაშვილს უპასუხა, რომელმაც ურჩია, რომ კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თავად თქვას. 

"გმადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას", - განაცხადა სითი პარკის გენერალურმა მენეჯერმა და აღნიშნა, რომ ითხოვს თუნდაც ერთ მინიშნებას - რა ვალდებულებას არ ასრულებს კომპანია.

"ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და პრეტენზიებს ვერ მივიღებ", - თქვა ლაჰავიმ.

სითი პარკის ხელმძღვანელების შეხვედრა დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრებთან თბილისის მერიაში იმართება. შეხვედრას უძღვება დავით ნარმანია, რომელმაც კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა კომპანიის მიმართ.

"სოციალური პასუხისმგებლობა არ იცით, ინვესტიცია არ იცით, ლექციები წაგიკითხოთ, თუ ეს რა არის?", - აღნიშნა ნარმანიამ სითი პარკის ხელმძღვანელობის მისამართით. კონტრაქტზე ნებაყოფლობით უარის თქმისკენ კი, კომპანიას საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა. 

"თქვენ ხართ კომპანია, რომელმაც თბილისელების საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა. მე მაქვს ერთი რჩევა, როგორც მოქალაქეს და როგორც საკრებულოს წევრს - თავად თქვით უარი და გაწყვიტეთ კონტრაქტი. შეირგეთ, რასაც თბილისელების ჯიბეებიდან იღებდით", - მიმართა ელისაშვილმა სითი პარკს.

კომენტარები