კრიმინალი

პოლიციელი, რომელიც ავარიის დროს ავტომობილს მართავდა, თანამდებობაზე რჩება

პოლიციელი, რომელიც სართიჭალა - თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის დროს მანქანას მართავდა, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. 17 აგვისტოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 24 წლის სოფიკო სეფიაშვილი გარდაიცვალა. მიკროავტობუსს, რომელითაც სეფიაშვილების ოჯახი მგზავრობდა, ოპელის მარკის ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რევაზ თევდორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომელია.ავარიის დროს გარდაცვლილი სოფო სეფიაშვილის 11 თვის შვილი და ოჯახის წევრებიც დაშავდნენ.

სეფიაშვილი ზღვაზე დასასვენებლად მეუღლესთან, 2 მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად მიდიოდა. ნონა სეფიაშვილის თქმით, მათი ავტომობილი დაბალი სიჩქარით მოძრაობდა და შემთხვევა მოულოდნელად მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვაზიანში მოხდა. თვითმიხლველების თქმით, ოპელის მარკის ავტომობილი, რომელსაც რევაზ თევდორაშვილი მართავდა დიდი სისწრაფით მოძრაობდა. ადგილობრივების თქმით, თევდორაშვილი ნასვამი იყო და მიმალვას ცდილობდა. მათი განმარტებით, მძოლმა პატრულს დაკავების დროს წინააღმდეგობაც გაუწია.

თვითმხილველები ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ორივე ავტომობილი რუსთავის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიტანეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის ჩატარება დაჩქარებული წესით 5 დღეში შეიძლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მათ ექსპერტიზა დაჩქარებული წესით მოითხოვეს, თუმცა როდის იქნება შედეგები არ იციან.

კომენტარები