საქართველო-აშშ

ბაიდენი და ღარიბაშვილი რეფორმების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ

facebook.com/GaribashviliOfficial

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 22 აგვისტოს  ტელეფონით ისაუბრეს.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობას და NATO-სთან პარტნიორობის გაღრმავებას. ასევე საქართველოს ძალისხმევას მიიზიდოს უცხოური ინვესტიციები და გაზარდოს ეკონომიკა.

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან, საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით.

"ლიდერები შეთანხმდნენ რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად და უცხოური ინვესტიციების მისაზიდად, მათ შორის შეერთებული შტატებიდან. ლიდერებმა ერთმანეთს აღუთქვეს რომ მჭიდრო კავშირი ექნებათ ერთმანეთთან უკრაინისა და რეგიონში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების თაობაზე." - ნათქვამია თეთრის სახლის ოფიციალურ ცნობაში. 

ჯო ბაიდენთან საუბრის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე  გამოქვეყნებულ ცნობაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ საუბარი „საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს, ჩატარებულ არჩევნებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას“ შეეხო, თუმცა კონკრეტულად არ არის ნახსენები რეფორმები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად და საუბარი უკრაინაში შექმნილი ვითარების თაობაზე.

ამ ცნობის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს უელსის სამიტს და საქართველოს წვლილს ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში, რისთვისაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს, როგორც რეგიონში ძლიერი მოკავშირის როლზე გაამახვილა ყურადღება და მზადყოფნა გამოთქვა, მომავალშიც იდგეს ამერიკის გვერდით, როგორც მეგობარი ქვეყანა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით,  - ნათქვამია პრემიერის Fcebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ცნობაში. 

კომენტარები