აფხაზეთის კონფლიქტი

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ ”საპრეზიდენტო არჩევნები” იმართება

travel-images.com

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ რიგგარეშე ”საპრეზიდენტო არჩევნები” იმართება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნული უკანონო აქტი დაგმო.

"აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში იმართება ე.წ. რიგგარეშე "საპრეზიდენტო არჩევნები". აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ოკუპაციისა და ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას...

2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ორგანიზებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უპირველესად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას" - ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს დაგმოს ეს უკანონო არჩევნები და დააფიქსიროს თავისი ურყევი პოზიცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

”საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი ურყევი პოზიციის შესაბამისად, დაგმოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები"” - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში "პრეზიდენტობისთვის" ოთხი კანდიდატი - მირაბ ქიშმარია, რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია და ლეონიდ ძაპშბა იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციის მიტინგების ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები