NDI-ის კვლევა

NDI: 40%-ის აზრით, ქვეყანა სწორად ვითარდება, 16%-ის შეფასებით - არასწორად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 3% ფიქრობს, რომ საქართველო "ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება", ხოლო 37%-ის აზრით, "ძირითადად სწორი მიმართულებით". ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2013 წლის ნოემბერთან შედარებით. კერძოდ, მაშინ, კვლევაში მონაწილეთა 6% ფიქრობდა, რომ ქვეყანა ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 47% მიიჩნევდა, რომ "ძირითადად სწორი მიმართულებით".

ამასთან, აგვისტოში გამოკითხულთა 12%-ის აზრით, ქვეყანა ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 4% კი ფიქრობს, რომ "ნამდვილად არასწორი". ხოლო კვლევაში მონაწილეთა 38%-ის შეფასებით, ქვეყნის მდგომარეობა არ იცვლება. 2013 წლის ნოემბერში, მათი რიცხვი, ვინც ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, თითქმის ორჯერ ნაკლები იყო. კერძოდ, მაშინ 7% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ხოლო 2% მიიჩნევდა, რომ "ნამდვილად არასწორად".

რაც შეეხება აპრილს, NDI-ს გამოკითხულთა 33% მაშინ ფიქრობდა, რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. ხოლო 7% მიიჩნევდა, რომ ძირითადად არასწორი მიმართულებით.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები