ოლეგ მელნიკოვის საქმე

მელნიკოვისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხი 15 დღეში გადაწყდება

timer.ge

თბილისის საქალაქო სასამართლო 15 დღის ვადაში გადაწყვეტს, დაამტკიცებს თუ არა პროკურატურას და ოლეგ მელნიკოვს შორის საპროცესო შეთანხმებას. მელნიკოვის ადვოკატის ვარლამ ბელხამიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, ოლეგ მელნიკოვი პატიმრობიდან მიმდინარე წლის დეკემბერში გათავისუფლდება. ადვოკატის განმარტებით, საპროცესო შეთანხმება ითვალისწინებს მელნიკოვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, რომლის ათვლაც უკრაინაში დაკავების მომენტიდან, 2012 წლის დეკემბრიდან იწყება. 

"იმის გამო, რომ საპროცესო შეთანხმება მიღწეულია მხარეთა შორის, გირგვლიანის საქმიდან მელნიკოვის ბრალდების საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად. ახლა უკვე სასამართლომ უნდა დაამტკიცოს ეს საპროცესო შეთანხმება. პროკურატურამ უკვე დააყენა შუამდგომლობა. 15 დღის ვადაში უნდა ჩაინიშნოს სხდომა, სადაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს თუ არა საპროცესო შეთანხმება", - უთხრა ინტერპრესნიუსს ბელხამიშვილმა. 

საპროცესო შეთანხმების დეტალებზე პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა გუშინ ისაუბრა. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება ითვალისწინებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, ორი წლით პირობით მსჯავრს, ორი წლით გამოსასწორებელ ვადას და ერთი წლით საჯარო სამსახურში საქმიანობის ჩამორთმევის უფლებას. 

"ოლეგ მელნიკოვმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამხილა თანამონაწილე და ორგანიზატორი პირები. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მასთან მთავარმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუ სასამართლოს მხრიდან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, ოლეგ მელნიკოვს განესაზღვრება რეალური სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით პირობითი მსჯავრი, 2 წლით გამოსაცდელი ვადა და ერთი წლით საჯარო საქმიანობის ჩამორთმევის უფლება. აღნიშნული პირობა წარდგენილია სასამართლოზე და საპროცესო შეთანხმება მოსამართლის მხრიდან ჯერ კიდევ დამტკიცებას მოითხოვს. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იქნება საუბარი საბოლოოდ შესაძლებელი", - თქვა ნადარეიშვილმა. 

ცნობისთვის, ოლეგ მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში აღიარებითი ჩვენება ორი კვირის წინ მისცა. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. ამ დროს კი, როგორც მელნიკოვი აცხადებს, ის ავტომობილში დათა ახალაიას ელოდებოდა. მელნიკოვმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნების შემუშავებულ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის დაკავებით, რომლებსაც შემდეგ გაათავისუფლებდნენ. მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში ისიც განაცხადა, რომ არ მუშაობდა, თუმცა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა. 

ინტერპოლით ძებნილი ოლეგ მელნიკოვი კიევში 2012 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. საქართველოში მისი ექსტრადიცია 2013 წლის 30 სექტემბერს მოხდა. ორწლიანი პატიმრობა, რომელიც მელნიკოვს საპროცესო გარიგების შემთხვევაში შეეფარდება, სწორედ 2014 წლის დეკემბერში იწურება.

კომენტარები