სავიზო რეჟიმი

ბოკერია: ახალი სავიზო რეგულაციები, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს დაარტყამს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ერთადერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჯერჯერობით არ ჩამოქცეულა ბოლომდე ჩვენი ეკონომიკა მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად, მდგომარეობს იმაში, რომ ამოქოქილმა ტურიზმმა და საქართველომ, ჰაბად წარმოჩენილმა იმ ადგილმა, სადაც ბიზნესის საკეთებლად მდიდარი ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები, ჩვენ შეგვინარჩუნა წონასწორობა ყველაზე უფრო კრიზისულ პერიოდებშიც კი, ჯერ ომის, შემდეგ კი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს". 

გიგა ბოკერია მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ სავიზო რეგულაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ჩვენი მთავრობა თანმიმდევრულად ძირს უთხრის იმ ფუნდამენტს, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს დაარტყამს".

ცნობისთვის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

ამასთან, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა. 24 ქვეყნის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეეძლებათ. ნებისმიერი ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" გაიცემა, რასაც მთავრობა დაადგენს.

კომენტარები