ტერაქტის მცდელობა თბილისში

todayszaman: ირანის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია თბილისში ტერაქტს აწყობდა

todayszaman.com

ტერორისტები, რომლებიც თბილისში, ისრაელის საელჩოს ავტომობილის აფეთქებას გეგმავდნენ, ირანი უჭერს მხარს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალება todayszaman ავრცელებს.

2012 წლის 13 თებერვალს დამნაშავეები ისრაელის საელჩოს ავტომობილების აფეთქებას გეგმავდნენ. ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში აფეთქება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისში ქართველმა სამართალდამცველებმა მანქანაზე ბომბი იპოვეს და ტერაქტის თავიდან აცილება შეძლეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით თურქული მედია ძიების დეტალებს აქვეყნებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტულ ჯგუფს, რომელიც თბილისში აფეთქებას გეგმავდა, ირანი უჭერს მხარს. სამწლიანი გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში ტავაჰიდ სალამის ტერორისტული ქსელი, ირანული რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC), ქუდსის ძალების სასარგებლოდ თურქეთში მუშაობდა. IRGC-ის ერთ-ერთი წევრი ნასერ ღაფარი ირანული დიპლომატიური პასპორტით სარგებლობდა.

გამოძიებას მიხედვით, ღაფარი ბრძანებებს ჰუსეინ იაციოღლუს აძლევდა. თავის მხრივ იაციოღლუ ირანის დაზვერვასთან თანამშრომლობდა. ბრძანების მიღების შემდეგ იაციოღლუმ თბილისისკენ თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნა. თუმცა 2011 წლის 15 ოქტომბერს არ გაემგზავრა საქართველოში და ბილეთი 4 იანვარს გადაჯავშნა.

იაციოღლუს იმეილის შემოწმების შემდეგ გამოძიებამ აღმოაჩინა 2011 წლის 18 ოქტომბერს, ვინმე ეროლ უნალდისგან მიღებული ფოტოები, რომელზეც სხვა სურათებთან ერთად, თბილისის ხედები, სასტუმრო რედისონი და მეტროსადგურების შემოგარენი იყო აღბეჭდილი.

გამოძიებამ ერთ-ერთი ფოტოთი დაადგინა მანქანის ნომერი, რომელითაც უნალდიმ 2011 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და უკან, თურქეთში 13 ნოემბერს გავიდა. გამოძიების ვერსიით, იაციოღლუსთან შეხვედრის წინ, უნალდიმ თბილისი დაზვერა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 13 თებერვალს, თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის ქვეშ ბომბი იპოვეს, რომელიც პოლიციამ გააუვნებელყო. ხოლო ინდოეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარში ირანი დაადანაშაულა.

კომენტარები