NDI-ის კვლევა

NDI: უსუფაშვილის და კობახიძის მოწონების მაჩვენებელი 10-10%-ით შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის და მისი მოადგილის მანანა კობახიძის მოწონების რეიტინგი აპრილის გამოკითხვასთან შედარებით, 10-10%-ით შემცირდა. კერძოდ, დავით უსუფაშვილი აგვისტოში გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, აპრილში კი, მისი მოწონების მაჩვენებელი 61% იყო. ასევე, მანანა კობახიძე ახლა 29%-ს მოსწონს, ხოლო აპრილში, პარლამენტის ვიცესპიკერის მოწონების რეიტინგი 39%-ს შეადგენდა.

NDI-ის კვლევის მიხედვითვე, შემცირებულია პარლამენტის სხვა ვიცესპიკერების უმრავლესობის მოწონების მაჩვენებელიც, თუმცა, მურმან დუმბაძე 1%-ით მეტს მოსწონს და მისი მოწონების რეიტინგი 12%-ს შეადგენს. ზვიად ძიძიგური ახლა გამოკითხულთა 36%-ს მოსწონს, აპრილში კი, 42%-ს მოსწონდა. ზურაბ აბაშიძის მოწონების რეიტინგი აგვისტოში 26%-ია, აპრილში - 32%-ს შეადგენდა. გიორგი ბარამიძე კვლევაში მონაწილეთა 18%-ს მოსწონს და ეს მაჩვენებელი აპრილთან შედარებით, 3%-ით არის შემცირებული. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მოწონების რეიტინგი 48%-ია. ის აპრილში გამოკითხულთა 51%-ს მოსწონდა. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს, მისი მოწონების მაჩვენებელი 25%-ია, ხოლო აპრილში, ის კვლევაში მონაწილთა 29%-ს მოსწონდა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები