NDI-ის კვლევა

NDI: 30%-ის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას

NDI-ის უახლესი კვლევის ფარგლებში მოსახლეობას ასევე ჰკითხეს, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. გამოკითხულთა 42%-ის შეხედულებებთან ქართულ ოცნება ყველაზე ახლოს დგას, რაც წინა, აპრილის, გამოკითხვის იდენტური შედეგია. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში ქართული ოცნება გამოკითხულთა 61%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს იდგა.

უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 11%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ნაციონალურ მოძრაობა დგას. ენმ-ს წინა კვლევასთან შედარებით ერთპროცენტიანი ვარდნა აქვს. ხოლო ნოემბერში ანალოგიურ გამოკითხვაში გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთან იდგა ახლოს.

გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პოლიტიკურ პარტიებს შორის 4%-ის მეორე არჩევანი ქართული ოცნებაა. ასევე 4%-ია ნაციონალური მოძრაობის ანალოგიური მონაცემები. ორივე პოლიტიკური პარტიის შემთხვევაში ეს მონაცემები წინა კვლევის ანალოგიურია.

NDI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-ის აზრით, მათ შეხედულებებთან არცერთი პარტია არ დგას ახლოს. ანალოგიურ კითხვაზე აპრილში 25%-მა გასცა იდენტური პასუხი. ხოლო 2013 წლის ნოემბერში მხოლოდ 13% მიიჩნევდა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ იდგა. 

კომენტარები