საგარეო ვაჭრობა

ავტომანქანების ექსპორტიდან შემოსული თანხა 14.5%-ით შემცირდა

საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობამ დაიკავა, რამაც წელს 332 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.5%-ით ნაკლებია ($388 მილიონი).

2013 წელს ავტომანქანების ექსპორტი მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 27%-ს შეადგენდა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 20%-ს გაუტოლდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ავტომობილების ექსპორტის მხრივ აზერბაიჯანია, რომელმაც 2014 წლის 15 აგვისტოდან ავტომანქანებზე  შეზღუდვა დააწესა, რომლის მიხედვითაც ევრო 4 (EURO 4) სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას.

სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი იმპორტისა და ექსპორტის მონაცემებზე დაყრდნობით თურქეთია. 2014 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 1 მილიარდს გადააჭარბა, აქედან, იმპორტი $970 მილიონამდე, ექსპორტი $145 მილიონამდე. 

საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის, თურქეთის გარდა, შედიან ჩინეთი და აზერბაიჯანი. 

გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთანაც. 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის იანვარ-ივლისში იმპორტ-ექსპორტის საერთო მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებთან 13%-ით გაიზარდა. აქედან, ექსპორტი გაზრდილია 32%-ით, იმპორტი 9%-ით. 

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 7%-ით არის მომატებული. 

საქართველოს ექსპორტის 53% დსთ-ის ქვეყნების ტერიტორიაზე გადის, 20% ევროკავშირის ქვეყნებში, 27% კი დანარჩენ სავაჭრო პარტნიორებთან. 

კომენტარები