კრიზისი უკრაინაში

მიხეილ სააკაშვილი დასავლეთს უკრაინის პრინციპული მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

"ზაზუნას დღე და მტაცებელი პუტინი" - სტატია ამ სათაურით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა FOREIGN POLICY-ში გამოაქვეყნა. მან უკრაინაში შექმნილ სიტუაციასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას შორის პარალელები გაავლო და აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში რუსეთი ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს და მოვლენები კვლავ ისევე მეორდება, როგორც ფილმში "ზაზუნას დღე".

"კერძოდ, რუსეთი კვლავ ეხმარება სეპარატისტებს, წვრთნის და აიარაღებს მათ, ცდილობს, მუდმივი კონფლიქტის კერა შექმნას და საკუთარ მონაწილეობას კონფლიქტში ზრდის იმის შესაბამისად, თუ რამდენად წარმატებულია მოქმედებები სეპარატისტების წინააღმდეგ. პუტინის თამაში ყოველთვის ფსონების აწევას გულისხმობს, იმის იმედად, რომ დასავლეთი თვალს დახუჭავს დაძაბულობის ზრდაზე. თუმცა, ბოლო სანქციები აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, როგორც ჩანს, მოწმობს, რომ შესაძლოა, ამჯერად პუტინის თამაში წაუგებელი  აღარ იყოს (2008 წელს რუსეთმა ეკონომიკური სანქციები თავიდან აიცილა). თუმცა, დღემდე არეული და ბუნდოვანი მესიჯები დასავლეთის დედაქალაქებიდან პუტინს მანევრირების საშუალებას უტოვებს", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი და ამ მხრივ განსაკუთრებით გერმანიის პოლიტიკას აკრიტიკებს.

"კიევში ბოლო ვიზიტის დროს, რომელსაც პოროშენკოს ხელისუფლების მიმართ ბერლინის მხარდაჭერა უნდა ეჩვენებინა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაცია ისე უნდა მოგვარდეს, რომ რუსეთი არ დაზარალდეს. ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა მის მთავრობაში უფრო მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის ფედერალიზაცია არის აუცილებელი და კიევმა სეპარატისტების დამარცხება არ უნდა იჩქაროს, რადგან ამან შესაძლოა რუსეთი დაამციროს. ამავე დროს, ევროპელები დღემდე უარს ამბობენ სიტყვა "შემოჭრის" გამოყენებაზე, იმის მიუხედავად, რომ სარწმუნო ცნობებით, უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკა და რეგულარული ჯარის ნაწილები შედის", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის აზრით, მინსკის მოლაპარაკებების წინ პუტინმა განგებ გაგზავნა ახალი სამხედრო ძალები უკრაინაში, რათა უფრო ძლიერი პოზიციებიდან ესაუბრა.

"მისი მიზანი კი ცეცხლის შეწყვეტა, კონფლიქტის გაყინვა და, ისევე როგორც საქართველოში, უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგებაა, რაც შემდგომში მას საშუალებას მისცემს, უკრაინის დესტაბილიზაცია გააგრძელოს. წინსვლის ერთადერთი გზა, თუნდაც ის რთული და ძვირადღირებული იყოს, არის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება, რათა მან გამარჯვებას მიაღწიოს. ამისთვის ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ პოროშენკოს შებოჭვა, რაც უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებას აქვეითებს. ისინი მზად უნდა იყვნენ, შემოიღონ დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და კიევს უფრო მეტი ეკონომიკური დახმარება გაუწიონ", - წერს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის შემრიგებლური პოზიცია პუტინს უფრო მეტი ავანტიურიზმისკენ უბიძგებს.

"მერყეობა ამ მტაცებელს ვერ შეაჩერებს“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

კომენტარები