ევთანაზია

ტაბუდადებული სიკვდილის მისტერიები

ზურაბ გურული
0 კომენტარი

ბელგიის პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა, რომლის მიხედვითაც ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს ეუთანაზიის მოთხოვნის უფლება მიენიჭათ, მკვეთრად არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია; ემოციათა ფრიად ფართო სპექტრით, სასოწარკვეთიდან აგრესიამდე. სერიოზული შეხლა-შემოხლა იყო თავად ბელგიის პარლამენტშიც. საბოლოოდ მაინც სოციალისტებმა გაიმარჯვეს; თუმცა ქრისტიან-დემოკრატებმა მოახერხეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ამ კანონპროექტში და, საბოლოოდ, ეუთანაზიის უფლება მხოლოდ ისეთი ტერმინალური პაციენტებისათვის დაკანონდა, რომლებიც აუტანელი ფიზიკური ტკივილებით იტანჯებიან.

დებატების დროს ეუთანაზიის მომხრეები საუბრობდნენ ბავშვებზე, რომლებსაც აწუხებთ ანორექსია, რომლებიც დაქანცული არიან ტკივილისგან და ა.შ.
ბოლოს და ბოლოს, სადამდე შეიძლება ასე მივიდეთ? - აღშფოთებული იყო  ბელგიელი პარლამენტარი, ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი ელს ვან ჰუუფი.

მართლაც, სად იწყება ან სად მთავრდება ის მორალურ-ეთიკური საზღვრები თუ შეზღუდვები, რომელთა მეშვეობითაც იხელმძღვანელებს საზოგადოება ეუთანაზიაზე მსჯელობისას?

წმინდა ავგუსტინე და ბებერი ჯეკი

ეუთანაზიის დილემა ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. ბუნებრივია. ტკივილი ხომ ადამიანთან ერთად გაჩნდა დედამიწაზე. 
"ფიზიკური ტკივილი უდიდესი ბოროტებაა", - ასე ამბობდა ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წმინდანი, თეოლოგი და ფილოსოფოსი, ნეტარი ავგუსტინე.
ჭეშმარიტებაა. სწორედ ტკივილით და ტკივილის შიშით აღსრულდა და სრულდება უამრავი ბოროტება. და ამ ბოროტების ყველაზე უტყუარი, სანდო და ეფექტური წამალი სიკვდილია.

შესაბამისად, სიკვდილიც არ ყოფილა ყოველთვის ბოროტება.
არც ფიზიკური ტკივილია ბოროტება ყოველთვის. ტკივილი ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.

"ჯეკ კევორკიანმა მომაკვდინებელი ცოდვის მემკვიდრეობა დატოვა", - ასე გამოეხმაურა ამერიკელი ექიმის სიკვდილს დეტროიტის კათოლიკური ეკლესია.
ნეტავ ასეთივე შეფასებას მისცემდა წმინდა ავგუსტინე ბებერ ჯეკს?..

1998 წლის 17 სექტემბერს კევორკიანმა ლეტალური ინექცია გაუკეთა ვინმე თომას იუკს. მისტერ იუკი წლების განმავლობაში ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზით იტანჯებოდა და აუტანელი ტკივილებისაგან სამუდამოდ გასათავისუფლებლად ეუთანაზია აირჩია. როგორც პაციენტი, ასევე მისი ოჯახის წევრები თვლიდნენ, რომ ეს იყო უაღრესად ჰუმანური აქტი, რაც ოფიციალურად დაადასტურეს სათანადოდ შედგენილი საბუთებით. ეუთანაზიის პროცესი კევორკიანმა ვიდეოფირზე ჩაწერა და იმავე წლის 22 ნოემბერს ეროვნული ტელევიზიის ეთერში გაუშვა. 

სწორედ ეს გახდა მისი დაპატიმრების მიზეზიც.

ექიმმა დუელში გამოიწვია სახელმწიფო და კანონი; შესაბამისად, მორალურ-ეთიკური კატეგორიებიდან მან პროცესი წმინდა იურიდიულში გადაიყვანა და სასტიკად დამარცხდა.

შესანიშნავად აღწერა ეს ფაქტი მოსამართლე ჯესიკა კუპერმა თავის დასკვნით სიტყვაში:

ეს სასამართლოა და როგორც თქვენ ბრძანეთ, თქვენვე მოიწვიეთ აქ საკუთარი თავი საბოლოო ბრძოლისათვის. რამდენიმე წლის წინ, მიჩიგანის უმაღლესმა სასამართლომ სპეციალურად, დეტალურად განიხილა კანონი, რომელიც კრძალავს ეუთანაზიას, ზუსტად თქვენი წინა შემთხვევის საფუძველზე. ამიტომ, სასჯელი არ უნდა იყოს თქვენთვის სიურპრიზი. თქვენ თქვენი თავი შეუსაბამო ფორუმზე მიიწვიეთ, სერ! ჩვენ ვართ კანონების ქვეყანა და ჩვენ ვართ ერი, რომელიც ტოლერანტულია განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რადგან ჩვენ გვაქვს ცივილიზებული და არაძალადობრივი გზით კონფლიქტების მოგვარების მეთოდები, რომლებიც თავსდება კანონიერების ფარგლებში. თქვენ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ კანონი, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ან ლექცია წაიკითხოთ კანონზე, თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მედიას და მიმართოთ ამომრჩევლებს... მაგრამ თქვენ არა გაქვთ უფლება, დაარღვიოთ კანონი!

სწორედ ამიტომ ცნო სასამართლომ დამნაშავედ ექიმი კევორკიანი და 25 წელი მიუსაჯა მეორე ხარისხის მკვლელობისათვის.

ვინ იყო ჯეკ კევორკიანი, ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი ჰუმანისტი თუ ანგარებიანი ავანტიურისტი?

ნიუ ორლეანის ბნელი საიდუმლო

2005 წლის 29 აგვისტოს ქარიშხალი "კატრინა" დაატყდა თავს ნიუ ორლეანს. მექსიკის ყურიდან მოვარდნილმა ტალღებმა აურაცხელი რაოდენობის წყლის მასა შემორეკა სადრენაჟო არხებში. ჯებირებმა დაწოლას ვერ გაუძლეს და ქალაქი მასიურად დაიტბორა. ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა ნიუ ორლეანი. განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდნენ ქალაქის საავადმყოფოები. კონდიცირების გარეშე დარჩენილ კლინიკებში აუტანელი სიცხე ჩამოწვა.

მე ნიუ ორლეანის სამხედრო ჰოსპიტალში მომიწია იმ საშინელი კვირის გატარება. დატბორილი მორგებიდან ატივტივებული გვამები; ოფლში მოცურავე, სუნთქვაშეკრული პაციენტები; გათანგული ექიმები; ნავებით გადატანილი მედიკამენტები; ქაოსი; ძარცვა და ძალადობა ქუჩებში - ეს გახლავთ მაშინდელი კოშმარის მოკლე რეზიუმე.

ჩემი მეგობარი, ოტო-ლარინგოლოგი ანნა პოუ ნიუ ორლეანის ბაპტისტების ჰოსპიტალში მორიგეობდა. ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი კლინიკა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. პირველივე დღეს გამოირთო სათადარიგო გენერატორები. ვერ მოხერხდა ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ევაკუაცია. გაუსაძლის ტკივილებს არაადამიანური სიცხით გამოწვეული ტანჯვა დაერთო. უძილობით, უწყლობით, სიცხით გათანგული ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ პაციენტების ტანჯვის შესამსუბუქებლად...

2 კვირის შემდეგ, საკუთარ სახლში, ჯერ კიდევ საოპერაციო ფორმაში ჩაცმული ანნა პოლიციელებმა დააპატიმრეს. მას ბრალი დასდეს ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე პაციენტის გარდაცვალებაში. საბუთად მოიყვანეს მისი კოლეგის, ბრაიან კინგის განცხადება, რომლის თანახმადაც, ანნას ექთნისათვის უთქვამს, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ პაციენტების ტანჯვის შესამსუბუქებლად.
ეს სრულიად უწყინარი განცხადება და ის ფაქტი, რომ ანნას ბრძანებით გარდაცვლილ პაციენტებს ტკივილის შესამსუბუქებლად ნარკოტიკი გაუკეთეს, გახდა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო სასამართლო პროცესის მიზეზი.

2007 წელს, 2-წლიანი ტანჯვისა და დამცირების შემდეგ, ანნა პოუ გაამართლა ნიუ ორლეანის უმაღლესმა ნაფიცთა საბჭომ, მას მოეხსნა კრიმინალური პასუხისმგებლობა, თუმცა სამოქალაქო სასამართლო დღესაც აგრძელებს საქმის განხილვას.

მე და ჩემი მეგობრებიც ვესწრებოდით სასამართლო პროცესს. მაშინ გავაცნობიერე, თუ რამდენად გაურკვეველი იყო კანონი ეუთანაზიაზე და მის კატეგორიებზე და რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა ჯეკ კევორკიანი, რომ ამ უაღრესად დელიკატური დილემის გასარკვევად სახელმწიფო მანქანის გამოწვევასაც არ შეუშინდა.

სიკვდილით ემანსიპირებულნი

ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, სრულწლოვნების ასაკის მიღწევამდე, ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა მშობლების ნებართვა. მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც: როდესაც ექიმს საქმე აქვს ე.წ. ემანსიპირებულ მოზარდთან.

მაგალითად, ქორწინებაში მყოფი 15-16 წლის ახალგაზრდა დამოუკიდებელ ადამიანად ითვლება, ვინაიდან მას უკვე აქვს საკუთარ თავზე აღებული სერიოზული სოციალური პასუხისმგებლობა. ასეთ პაციენტს თავად შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ამის უფლებას მას კანონი აძლევს.

ბელგიელი ექიმი გერლანტ ვან ბერლერი, საუნივერსიტეტო ცენტრის პედიატრიული პალიატიური მკურნალობის დეპარტამენტის თანამშრომელი, მიიჩნევს, რომ ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ძალიან სწრაფად მწიფდებიან ფსიქოლოგიურად. იგი ამას იმით ხსნის, რომ პაციენტებს ძალიან დიდი დროის გატარება უხდებათ მოზრდილების გარემოცვაში.

რა თქმა უნდა, ეს სერიოზული განმსაზღვრელი ფაქტორია, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, უფრო სწორად, ყველაზე აღმატებული გარემოება - სიკვდილთან სიახლოვის შეგრძნება.

ნორმალურია თუ არა ბავშვისათვის სიცოცხლის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება? რა თქმა უნდა, არა; მაგრამ განა ნორმალური და ორდინარულია ბავშვის სიკვდილი?

იქნებ არაორდინარულ სიტუაციას არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება? ეს ხომ ლოგიკურადაც ასე უნდა იყოს. სტანდარტული მიდგომა აქ არ გაჭრის; უფრო მეტიც, აბსურდული იქნება. ბელგიის პარლამენტის ეს არაორდინარული და ერთგვარად სკანდალური გადაწყვეტილება ამერიკაშიც აღშფოთებით მიიღეს. არ გამკვირვებია. ამერიკაში ხომ მხოლოდ რამდენიმე, განსაკუთრებული ლიბერალიზმით გამორჩეულ შტატშია ნებადართული ეუთანაზია.
ბუნებრივია, რომ საქართველოში კიდევ უფრო მკვეთრი იქნებოდა ნეგატიური რეაქცია.

ტკივილი და საზოგადოება

ბევრად უფრო ადვილია, იპოვო კაცი, რომელსაც დაითანხმებ სიკვდილზე, ვიდრე ტკივილის გაძლებაზეიულიუს კეისარი

ტკივილი ადამიანის უღრმესი და უმარტივესი ქვეცნობიერის დონეზე ჩადუღაბებული ფენომენია და სიცოცხლის ბოლომდე თან ახლავს ყველა სხვა ქვეცნობიერ იმპულსსა თუ ფენომენს.
ამიტომაც არის ტკივილის მართვა ძნელიცა და მარტივიც ერთდროულად. სწორედ ტკივილს შევყავართ ადამიანის გონების ჰედონისტურ თუ სადო-მაზოხისტურ ბნელ ლაბირინთებში…

ტკივილის აღქმა, როგორც დამოუკიდებელი ფენომენის, თუ სიკვდილთან მიმართებით, მისი მკურნალობა და მართვა, ისეთივე დამახასიათებელი შტრიხია ეროვნული კულტურისათვის, როგორც სუფრა, ფეხსალაგი და სასაფლაო.

კლინიკურ მედიცინაში ტკივილგამაყუჩებლების ოქროს სტანდარტად მორფინია მიჩნეული და ნებისმიერი ანალგეზიური საშუალების სიმძლავრე მასთან მიმართებით განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ მორფინი უაღრესად იაფფასიანი პრეპარატია, ჩამორჩენილ ქვეყნებში მათი მოხმარება მინიმალურია. ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს მონაცემების თანახმად, 6 ქვეყანა - აშშ, ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი - მოიხმარენ მსოფლიოში წარმოებული მორფინის 80%-ს. განვითარებადი ქვეყნები, რომელთა საერთო მოსახლეობა მსოფლიო პოპულაციის 80%-ს შეადგენს, მოიხმარენ მსოფლიოში წარმოებული მორფინის მხოლოდ 6%-ს.

2010 წელს, კევორკიანმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ ეუთანაზიისათვის არ იყო აუცილებელი პაციენტის ტერმინალურ მდგომარეობაში ყოფნა. მისი აზრით, სიცოცხლის დასრულების ძირითადი მიზეზი ფიზიკური ტკივილით გამოწვეული ტანჯვის დასრულება უნდა ყოფილიყო.

"სიკვდილი ტკივილის გარეშე დანაშაული არ არის".
"ჩემი მიზანი არ გახლავთ პაციენტის სიკვდილი; ჩემი მიზანია მათი ტანჯვის დასრულება", - განაცხადა სიკვდილის მესაიდუმლემ.

ტერმინალური პაციენტებისათვის ტკივილის შემსუბუქება მორფინით ან სხვა მძლავრი ნარკოტიკული საშუალებების მაღალი, პოტენციურად ლეტალური დოზებით, მიღებული პრაქტიკაა მედიცინაში. ამ მეთოდს სხვა სახელწოდებაც აქვს - პასიური ეუთანაზია.

ერთი პრობლემაა მხოლოდ - პასიური ეუთანაზია მხოლოდ ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის გამოიყენება. არაადამიანური ტკივილებით გატანჯული, სიკვდილის ზღურბლისაგან მოშორებით მყოფი ავადმყოფები კი განწირული არიან ტანჯვისათვის…

კონსერვატიული საზოგადოება მიდრეკილია საჩოთირო საკითხებზე ტაბუს დადებისაკენ. ტაბუ კრძალავს მსჯელობას; მსჯელობის გარეშე საკითხი რჩება გაუცნობიერებელი; უვიცობა ბადებს შიშს. სიკვდილის შიში სხვა არაფერია, თუ არა შიში შეუცნობლის მიმართ. ტაბუდადებული სიკვდილი კი ორმაგად საშიში და შემაძრწუნებელია.

სიკვდილზე დადებული ტაბუს ახსნა მოინდომა ბებერმა ჯეკმა.
ამიტომაც არ გაკიცხავდა მას წმინდა ავგუსტინე. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები