ეკონომიკა

ყვითელი შხეფები

რამდენიმე დღის წინ ვარდების რევოლუციის მოედანზე მოვხვდი შემთხვევით, იქ მდგარ ველოსიპედთან სურათი გადავიღე და ფეისბუქზე ავტვირთე. ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც თვალში მომხვდა, შემდეგი შინაარსის იყო - რა ამბავი ატეხეთ ამ ველოსიპედზე, აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანეს და იმაზე ხმა არ ამოგიღიათო.

დედაქალაქის ახალმა მერმა, მას შემდეგ რაც ოფიციალურად შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სწორედ ამ ველოსიპედის ცენტრიდან "გარეუბანში" გადატანა დაასახელა. ერთი შეხედვით, უცნაურად გამოიყურება თბილისში არსებული უამრავი პრობლემის ფონზე ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა. თუმცა, თუ გადავხედავთ, რა ინიციატივებით გამოდიოდა ბ-ნი ივანიშვილი (შემდგომში "მოქალაქე") ხელისუფლებაში მოსვლამდე და რითი არის დაკავებული მისი მარიონეტული მთავრობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, ნათელი გახდება, რომ "ველოსიპედის საკითხი" საერთო პოლიტიკის ნაწილია და არა ახალი მერის ცალკე აღებული ახირება.

პოლიტიკა კი 2003-2012 წლების ყველა მეტ-ნაკლებად თვალშისაცემი ნიშანსვეტის მაქსიმალური ნიველირება-გაუფასურებაა, ექნება მას არქიტექტურული გამოხატულება თუ ნებისმიერი სხვა ფორმა. ნიველირება ხდება სხვადასხვა გზით, ზოგ შემთხვევაში კრიტიკით, ზოგჯერ ფიზიკური განადგურების მცდელობით, ხოლო ხშირად მითვისებით. თანმიმდევრობა ნამდვილად არ მახსოვს, როდის რომელი თემა წამოიწია, თუმცა შევეცდები, გავიხსენო საკითხების ნაწილი მაინც, რომლებიც აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკაა, ორკესტრირებული და მართული პროცესი.

საქართველოს პარლამენტი - პარლამენტი რომ არ უნდა იყოს ქუთაისში და აუცილებლად უნდა მდებარეობდეს თბილისში, ამის შესახებ ბრძენმა კაცმა ჯერ კიდევ საკუთარი, ფორმალური თვალსაზრისით მოკლე პოლიტიკური კარიერის დასაწყისში გვამცნო. მიზეზი - საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანა "ერთი კაცის ახირება" ყოფილა და სხვა არანაირი დატვირთვა არ ჰქონია. სამაგიეროდ, უკან გადმოტანის გაუთავებელი მცდელობები, თბილისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობის რემონტში 20 თუ 25 მილიონი ლარის დახარჯვა 700 მილიონი ლარით გარღვეული ბიუჯეტიდან არ არის "ერთი კაცის ახირება".

მშვიდობის ხიდი - ეს ხიდიც ოდითგანვე აითვალწუნა ბრძენმა კაცმა. მიზეზი - "არანაირ არქიტექტურულ ნორმებში არ ჯდება, კითხეთ ვისაც გინდათ"; ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე კონკურსიც კი გამოაცხადა და არქიტექტურულ ნორმებს მონატრებულ საზოგადოებას ახალი ხიდის სამი შესანიშნავი ვერსია შესთავაზა. ახლადარჩეული დედაქალაქის მერიც, ცხადია, დაადგა მოქალაქის გზას და სამსახურში მისვლისთანავე წუხილით განაცხადა "ამ ხიდს რა ვუყო, არ ვიციო". არ ზის ნორმებში და რა ქნას?!

რიყეზე მშენებარე ე.წ. დოქები - საბოლოო ჯამში რა უნდა განთავსებულიყო ამ დოქებში, ალბათ, სამუდამოდ ამოუცნობი დარჩება. მათი მშენებლობის პროცესი 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მოქალაქის მიერ დაპირებული კარტოფილის სუპერთესლის დარიგების პროცესს დაუპარალელდა და უსასრულობაში შთაინთქა. ამ დოქებს ალბათ აღარაფერი ეშველება, რადგან ბრძენს კაცს არ მოსწონს და დამცველიც არავინ გამოუჩნდა.

პრეზიდენტის სასახლე - პრეზიდენტის სასახლეში შესვლა ბრძენმა კაცმა ახალ პრეზიდენტს ფაქტობრივად საჯაროდ აუკრძალა. მიზეზი - ეს სასახლე ძვირი დაჯდა და იქ "გარყვნილების ბუდეა". განიხილებოდა სასახლის მუზეუმად და ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაქმნის იდეა, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, ახალმა პრეზიდენტმა, პრემიერისგან განაწყენებულმა (შესაბამისი სამუშაო პირობები არ შესთავაზა ე.წ. კანცელარიის შენობაში), გადაწყვიტა, იქ გამოკეტილიყო (სადმე ხომ უნდა გამოკეტილიყო?!) და იქიდან ევლო პანაშვიდებსა და დაკრძალვებზე.

რაბათი - რაბათი არ უნდა ჩაითვალოს წინა ხელისუფლების წარმატების ნიმუშად, რადგან 1. ის აშენებულია "დატერორებული ბიზნესის ფულებით" და 2. გუმბათი აქვს არასწორი. მოქალაქის დავალებით გუმბათს გაასწორებენ და რაბათიც იქცევა "რამდენიმე მთავრობის მუშაობის შედეგად", როგორც თბილისის იუსტიციის სახლი იქცა "რამდენიმე მთავრობის მუშაობის შედეგად" მას შემდეგ, რაც ქ-ნმა თეამ ამ შენობის შესასვლელის ჭერიდან ჩამოვარდნილი რამდენიმე გიფსო-კარდონის ფილა თავის ადგილას მიამაგრა 7-თვიანი მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად.

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - მოქალაქე თვლის, რომ ბათუმი არ არის შესაფერისი ადგილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის. ასეთი სასწავლებელი ზედგამოჭრილია ქუთაისისთვის, რომელიც თავის მხრივ შეუსაბამოა საქართველოს პარლამენტის მდებარეობისთვის, რომელიც უნდა მდებარეობდეს თბილისში, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული დიდი რკინის ველოსიპედი და ა.შ. ერთადერთი პრობლემა დეპუტატი ნიშნიანიძეა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ქუთაისში განხორციელდეს მეცნიერულად და ეკონომიკურად არაერთგზის დასაბუთებული (feasibility study ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეშია ჩატარებული!!!) პორტის პროექტი. უნივერსიტეტი და პორტი ერთ ქალაქში პრობლემა იქნება. დატევით კი დაეტევა, მაგრამ სხვა ქალაქებს ეწყინებათ.

აღმაშენებლის გამზირი - თითქოს გალამაზდა, მაგრამ არ ითვლება. მიზეზი - 1. როგორც ასავალ-დასავალი და შალვა რამიშვილი იუწყებიან, ფასადები კარდონისგანაა დამზადებული (უცნაურად გამძლე კი გამოდგა ეს კარდონი, მაგრამ მაინც) და 2. ბათუმის ჩაზნექილი სკამების არ იყოს, აქაც ის სული აღარ იგრძნობა, ძველი პლეხანოვი სულ სხვა იყო, გაგება იყო და ურთიერთობა.

გზები - გზები კი დაიგო, მაგრამ სწრაფად და უხარისხოდ. ახლა იგება ნელა და ხარისხიანად. ამიტომ, წინა წლებში დაგებული გზები არ ითვლება. მხოლოდ ჯანყარაშვილების ოჯახის (ღარიბაშვილ-თამაზაშვილების დიდი ოჯახის ერთი განშტოება) კომპანიის მიერ დაგებულ გზებს აქვს ფასი და ლაზათი.

ლაზიკა - ლაზიკა არ გულისხმობდა პორტის აშენებას. სააკაშვილს უნდოდა, ხალხი აეყარა საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან და ჩაესახლებინა ისეთ ადგილას, სადაც ახლა უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ჭაობია. ასე აპირებდა საქართველოს იძულებით სინგაპურიზაციას (სინგაპურში ხომ საღეჭი რეზინის გადაფურთხებისთვის ადამიანებს როზგავენ!!!). ახლა კი, მოქალაქე გეგმავს დაახლოებით იმავე ადგილას ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ბოროტი სააკაშვილის ავადმყოფურ იდეასთან.

პატრული - პატრულის რეფორმა გაატარა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქის უშუალო ხელმძღვანელობითა და მითითებებით. ეს რეფორმა გულისხმობდა ახალი ავტომანქანებისა და ვიდეო-გადამღები აპარატურის შეძენას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პატრული მერაბიშვილის შექმნილია, ძალიან ცდება. მაშინაც, იმ სისხლიან დროში, პატრულის ფორმები და მანქანები ბრძენმა კაცმა იყიდა.

ასოცირების ხელშეკრულება - ზოგადად, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ წამოიწყო პროცესი, ვინ იმუშავა ამ საკითხზე, ვინ შეათანხმა ხელშეკრულების 99%, არამედ ის, თუ ვინ მოაწერა ხელი. ასე რომ, ეს ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე ბ-ნი ბიძინას დამსახურებაა, რადგან მასზე ხელს მისი, როგორც სან მარინოს საპატიო კონსულის, ყოფილი თანაშემწე აწერს.

დიდგორი - ეს სამხედრო მანქანა არაფრად ვარგოდა, რადგან ძვირი ჯდებოდა. ზოგადად, წინა ხელისუფლების დროს არანაირი სამხედრო წარმოება ქვეყანას არ სჭირდებოდა, ამიტომ ის, რაც ამ მანქანის აწყობაზე დაიხარჯა, იყო წყალში გადაყრილი ფული. ახლა კი, გაჩნდა ასეთი საჭიროება (სავარაუდოდ, ხელისუფლების ზედმეტად პრინციპული პოზიციის გამო ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით) და ამ მანქანაზე დამონტაჟდა საკომუნიკაციო მოწყობილობა, რამაც დიდგორი პრინციპულად ახალ პროდუქტად აქცია (გაიხსენეთ იუსტიციის სახლის ხელახლა მიმაგრებული გიფსო-კარდონები!)

ჰესები - ჰესები ადრე იყო ცუდი, რადგან წინა ხელისუფლება ჯერ მდინარეების კალაპოტებს ჰყიდდა, ხოლო შემდეგ ამ მდინარეებზე მტერ რუსეთს აშენებინებდა ჰესებს ისე, რომ ეკოლოგიურ პრობლემებს არ ითვალისწინებდა. ახლა კი ჰესები კარგია, მეტიც - აუცილებელი. მართალია, ინვესტორები აღარ მოდიან, მაგრამ ბრძენმა კაცმა ხომ შექმნა თანაინვესტირების 10-მილიარდიანი ფონდი?

ჰაბი - ის რომ საქართველო უნდა იქცეს რეგიონულ ჰაბად, არასოდეს უთქვამს წინა ხელისუფლებას. წინა ხელისუფლება საუბრობდა სინგაპურზე, რომელიც არანაირად არ აღიქმება, როგორც ჰაბის ფუნქციის მატარებელი სახელმწიფო. მოქალაქე და მისი მარიონეტები საუბრობენ დუბაიზე. აი, დუბაი არის ნამდვილი რეგიონული ჰაბი. დუბაის მსგავსი გვინდა ჩვენც და არა სინგაპურის მსგავსი. სინგაპური ცუდია.

მე-8 ადგილი Doing Business რეიტინგში - მოქალაქის ერთწლიანი მმართველობის შედეგად, აღნიშნულ რეიტინგში დავწინაურდით ერთი საფეხურით. მართალია, მსოფლიო ბანკი ამბობს, ეს დაახლოებით 3-4 წლის წინანდელი საკანონმდებლო ცვლილებების გამოძახილიაო, მაგრამ, ასოცირების ხელშეკრულების არ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ადრე ვინ რას აკეთებდა?

Moody’s – ეს საკრედიტო რეიტინგები ადრე იყო ყალბი და არ დაეჯერებოდა. ატყუებდა მათ სააკაშვილი. ახლა კი რეალურ სურათს გვაძლევენ. შესაბამისად, სტაბილური პერსპექტივის პოზიტიურით შეცვლაც მოქალაქის დამსახურებაა. მართალია, თავად Moody’s აცხადებს, ეს ყველაფერი 2003 წლის შემდეგ გატარებული რეფორმების და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგიაო, მაგრამ ეგ ჩანერგილების ამბავი უნდა იყოს.

იუსტიციის სახლები - იუსტიციის სახლები, როგორც ქ-ნმა თეამ აღნიშნა, "რამდენიმე მთავრობის მუშაობის შედეგია". რამდენიმე ნიშნავს ორზე მეტს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იუსტიციის სახლების მოწყობა დაწყებულია გამსახურდიას ან შევარდნაძის დროს, შემდეგ იყო 9-წლიანი მდორე მუშაობა, და ბოლოს, მოქალაქის მთავრობამ სწრაფი ტემპით და წარმატებით დააგვირგვინა ეს პროექტი. ახლა, ქ-ნი თეა ცდილობს იუსტიციის სახლების კონცეფციის საზღვრებს გარეთ გატანას, მაგრამ წინა ხელისუფლების უუნარო და უცოდინარი წარმომადგენლები რაღაც ხრიკებით ყველგან ასწრებენ და ართმევენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას.

ოლიმპიური ქალაქი - ეს ქალაქი ახლა გახდა ოლიმპიური სულისკვეთების. წინა ხელისუფლების დროს აქ აპირებდნენ 300 ათასი ჩინელის სამუდამო ჩამოსახლებას, რათა საბოლოოდ გადაეჯიშებინათ ქართველი ერი (არსებობდა ვერსია, რომ ამ საქმეში სოროსის და ლევან რამიშვილის ხელებიც ერია). ბრძენმა კაცმა საფუძველშივე აღკვეთა ეს მზაკვრული გეგმა და ახლა აქ ჩინელები მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად იქნებიან ჩამოყვანილი.

შემოვლითი რკინიგზა - ეს პროექტი იმდენად მუხანათურად არის შედგენილი, რომ ბრძენმა კაცმა ვერ გაიგოს, არის თუ არა მოგებიანი. 3 თვე ჰგონია, რომ მოგებიანია, ხოლო შემდეგი 3 თვე წაგებიანი ეჩვენება. რაბათის გუმბათივით რაღაც დეფექტი უნდა ჰქონდეს, რომელსაც მყისიერად გამოასწორებს ეს მთავრობა და ამ პროექტსაც ჩაიწერს წარმატებული პროექტების ვრცელ სიაში.

PayPal – PayPal-ის საქართველოში შემოყვანაზე წინა ხელისუფლება ნამდვილად მუშაობდა, მაგრამ ეს კომპანია უარს აცხადებდა შემოსვლაზე მანამ, სანამ ქვეყანას მართავდა სისხლიანი რეჟიმი. შესაბამისად, PayPal-ის შემოსვლაც მოქალაქის დამსახურებაა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობა.

კორუფციის აღმოფხვრა - არანაირი კორუფცია წინა ხელისუფლებას არ აღმოუფხვრია, რაც პროკურატურამ 2-წლიანი ჯაფის შემდეგ დაადასტურა პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო სახსრებით შეძენილი პიჯაკების ქვითრებით. კორუფცია აღმოფხვრა ბრძენმა კაცმა. ფარცხალაძის და ჭიკაიძის მიერ თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდში შეძენილი 200 000 დოლარის ღირებულების ბინები, ისევე როგორც კონსერვატორების ფრაქციის წევრების მიერ საკუთარი 2-წლიანი შემოსავლის ნახევრის მილიარდერის პარტიისთვის უანგაროდ შეწირვა, არის მითები და მეტი არაფერი. და, ზოგადად, ქართული ოცნება არ ფინანსდება მოქალაქის მიერ არსებული საკანონმდებლო შეზღუდვების გვერდის ავლით. ეს პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ ქართველი ხალხის ათეულობითმილიონიანი ნებაყოფლობითი შემოწირულობებით სულდგმულობს.

კრიმინალის დამარცხება - კრიმინალმა ახლა კი არ მოიმატა, ადრე იყო დაბალი. სინამდვილეში, მომატებული კრიმინალის სურათს ხატავს მედია. ადრე არ შუქდებოდა დანაშაულები, ახლა კი, თავისუფალი სუნთქვის რეჟიმში, ინტენსიურად შუქდება. ამას ემატება ისიც, რომ შსს-მ შეცვალა დანაშაულის აღრიცხვის სისტემა, რაც ასევე ნეგატიურად აისახა მოსახლეობის მიერ კრიმინალის დონის აღქმაზე.

რეფორმები და ეკონომიკური ზრდა - არანაირი რეფორმები და ეკონომიკის ზრდა წინა წლებში არ ყოფილა. ყველაფერი იყო ილუზორული. აშენებდნენ რაღაც არასაჭირო შენობებს და ასე ხელოვნურად ზრდიდნენ ეკონომიკას. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ბრძენმა კაცმა შექმნა ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭო, რომელმაც დაწერა ეკონომიკის განვითარების რამდენიმე პროგრამა და სტრატეგია (აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ რეალობაში, რადგან აქამდე ეკონომიკის განვითარების პროგრამა არცერთ მთავრობას არ ჰქონია!!) და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო "ეკონომიკის რეალური სექტორების განვითარება" და "ეკონომიკის აღმასვლის შეუქცევადი პროცესი".

პენსია - 150-ლარიანი პენსია კი იყო ჩადებული 2013 წლის ბიუჯეტში წინა მთავრობის მიერ, მაგრამ გაცემა ხომ ვერ მოასწრეს? შესაბამისად, არ ითვლება. პენსია გაზარდა მან, ვინც გასცა. ასე რომ, ესეც მოქალაქის დამსახურებაა. ის, რომ დაპირება იყო პენსიის მყისიერი ზრდა 220-230 ლარამდე, პლუს, დანამატი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ასევე არის მითი და დეზინფორმაცია. ეს დაპირებაც, სხვა დაპირებების მსგავსად, შესრულებულია გადაჭარბებით.

...

ეს მხოლოდ მოკლე სიაა. სრული სია გაცილებით ვრცელი იქნებოდა. თუმცა არსებული სურათის დასახატად ალბათ საკმარისია.

და მაინც, რატომ დუბაი და არა სინგაპური? რატომ ანაკლიის პორტი და არა ლაზიკის პორტი? რატომ პანორამა თბილისი და არა თბილისის შემოვლითი რკინიგზა? რატომ მოქალაქის ხიდი და არა მშვიდობის ხიდი? რატომ ჰიპოთეტური ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და არა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი?

...

"სუნით მარკირება, ასევე ცნობილია, როგორც ტერიტორიის მარკირება ან მისხურება, როდესაც ეს ხდება შარდით, არის ქცევა, რომელიც გამოიყენება ცხოველების მიერ საკუთარი ტერიტორიის იდენტიფიცირების მიზნით ... სუნით მარკირებით ხდება არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იგივე სახეობის წარმომადგენლებისთვის, არამედ ასევე ხდება მინიშნება სხვა სახეობის პოტენციური მსხვერპლისთვის, რომ ამ ტერიტორიას ჰყავს მფლობელი" - ვიკიპედია 

...

"მე ვნახე თვითგადარჩენის ინსტიქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა" - მოქალაქე.

კომენტარები