NDI-ის კვლევა

ჯაფარიძე: მოსახლეობის ნდობის დასაბრუნებლად გარდაქმნები გვჭირდება

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ჩატარებული კვლევის შედეგებს ენდობიან, თუმცა მისი შედეგებით კმაყოფილები არ არიან. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ბევრი მუშაობა და ამომრჩევლის დარწმუნებაა საჭირო. მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ დიდხანს იყო ხელისუფლებაში და მოსახლეობაში გარკვეული მობეზრებაა". მეორე მხრივ კი, ჯაფარიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პარტია რთულ პროცესს გადიოდა.

"იმისთვის რომ მოსახლეობის ნდობა დავიბრუნოთ, ჩვენ გვჭირდება გარკვეული გარდაქმნები, გარკვეული განახლება, მათ შორის, პარტიის შიგნითაც. ბოლო პერიოდში გვიწევდა, ერთი მხრივ, მთავრობის და ხელისუფლების პოლიტიკური დევნის და შეტევების მოგერიება, მეორე მხრივ, ორ არჩევნებში მონაწილეობა და, მესამე მხრივ, შიდაპარტიული გარდაქმნების წარმოება. საკმაოდ რთულ პროცესს გადის ჩვენი პარტია. დარწმუნებული ვარ, შემდეგი არჩევნებისთვის მოვახერხებთ, რომ მოსახლეობის ნდობა დავიბრუნოთ და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 3 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 11%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ნაციონალურ მოძრაობა დგას. ენმ-ს წინა კვლევასთან შედარებით ერთპროცენტიანი ვარდნა აქვს. ხოლო ნოემბერში ანალოგიურ გამოკითხვაში პარტია გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთან იდგა ახლოს. 

ამასთან, შემცირებულია მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რიცხვი. ასევე, 10-10%-ით შემცირდა პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის მანანა კობახიძის მოწონების რეიტინგი. გარდა ამისა, იკლო იმ გამოკითხულთა რაოდენობამ, ვისაც პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, ხოლო იმატა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მომწონებელ გამოკითხულთა რიცხვმა. 3%-ით იკლო იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელიც ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად აფასებს. ხოლო კოალიცია ქართულ ოცნებას საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარ პარტიად გამოკითხულთა 42% ასახელებს, რაც აპრილთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო ნოემბერთან შედარებით, 19%-ით არის შემცირებული.

კომენტარები