ქართული კალათბურთი

პრემიერი: ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ კალათბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. მისი განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველ კალათბურთელებს ღირსეული პირობები ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა პრემიერსა და მთავრობას მოუწოდეს, "მიხედონ კალათბურთს".

საქართველოს პრემიერის განცხადებით, "ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, მის პოპულარიზაციას და ეროვნული ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარებას, რაც, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ტურნირებში კიდევ ბევრი გამარჯვების წინაპირობა გახდება". მისივე თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია ქართული ნაკრების გამარჯვება.

"ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს - დაძაბული მატჩების შემდეგ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება. ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს და ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი ნაკრების გამარჯვება, რადგან კარგად ვიცი, თამაშის, მომზადებისა და ასპარეზობისთვის რამდენი სირთულისა და პრობლემის გადალახვა უწვეთ მათ, და ეს წლებია გრძელდება. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს კალათბურთელებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ. საქართველოში კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, ქართველი გულშემატკივარი არაერთი დიდი წარმატების მომსწრე გამხდარა", - აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები