NDI-ის კვლევა

პრემიერი: NDI-ის ადგილობრივი ოფისი პირდაპირ ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს პატივს სცემს, თუმცა ადგილობრივ ოფისთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ გამოკითხვის შედეგებზე კითხვები არსებობს.

"NDI-ის კვლევებზე მე მგონი უკვე აღარ დაობენ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან. მინდა დავაკონკრეტო, რომ NDI-ს, როგორც ინსტიტუტს, ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კითხვები არსებობს ადგილობრივი ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევასთან და მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 3 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. შემცირებულია მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რიცხვი. ასევე, 10-10%-ით შემცირდა პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის მანანა კობახიძის მოწონების რეიტინგი. წინა კვლევის მსგავსად, ახლაც, ყველაზე მეტად მინისტრებს შორის, თავდაცვის მინისტრი ირაკლია ალასანია მოსწონთ.

გარდა ამისა, იკლო იმ გამოკითხულთა რაოდენობამ, ვისაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, ხოლო იმატა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მომწონებელ გამოკითხულთა რიცხვმა. ამასთან, 3%-ით იკლო იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელიც ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად აფასებს. ხოლო კოალიცია ქართულ ოცნებას საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგარ პარტიად გამოკითხულთა 42% ასახელებს, რაც აპრილთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო ნოემბერთან შედარებით, 19%-ით არის შემცირებული.

კომენტარები